ორსულობა  და  დაბალი წნევა

  წნევის ცვლილება ორსულთათვის ჩვეული რამაა. ამჯერად დაბალი წნევით გამოწვეულ პრობლემებზე მოგითხრობთ. არტერიული ჰიპოტონია, თუმცაღა სერიოზულ გართულებებს იშვიათად იწვევს და პროგნოზიც კეთილსაიმედოა, შემაწუხებელი ნამდვილად არის, ამიტომ ალბათ ყველა ქალს აინტერესებს, რა გზით შეიძლება ამ პრობლემების თავიდან აცილება ან შემსუბუქება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად სწორად ვიზომავთ წნევას და არის თუ არა ჩვენ მიერ “დიაგნოსტირებული” “დაბალი” წნევა მართლაც დაბალი. ამ საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა “კარაპს მედლაინის” ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მაია ჯანელიძე.
– რატომ იცვლება ორსულობისას წნევა?
– ორსულობისას წნევის ცვლილებებს ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ორგანიზმი ცდილობს, გადაეწყოს მისთვის ესოდენ უჩვეულო, ახალ მდგომარეობაზე. ამის გამო იცვლება სისხლის გადანაწილება. განსაკუთრებით ძლიერდება იგი მცირე მენჯის ღრუში – სისხლი გაძლიერებით მიეწოდება საშვილოსნოს. ეს აუცილებელია ამ ორგანოს კვების, ზრდის და, შესაბამისად, ნაყოფის ადეკვატური განვითარებისთვის. გარდა ამისა, იზრდება ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის რაოდენობაც. მეტი სისხლის გადასანაწილებლად გულს მეტი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ გულის კუნთი უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას. ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, თანმხლებ დაავადებებზე, ქალის ასაკსა და მრავალ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენად უმტკივნეულოდ მოხდება აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტაცია. ეს ფიზიოლოგიური პროცესი ზოგჯერ რთულად მიმდინარეობს და წნევის ცვალებადობა ახლავს თან. ქალები, რომლებიც მანამდეც უჩიოდნენ დაბალ წნევას, ცხადია, ორსულობისას ჰიპოტენზიისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, თუმცა დაბალი წნევა ხშირად მათაც აწუხებთ, ვინც დაორსულებამდე ამ პრობლემას არ უჩიოდა.
– წნევით გამოწვეული პრობლემების მკურნალობამდე ალბათ მისი სწორად გაზომვა უნდა ვიცოდეთ…
– მართლაც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს წნევის გაზომვის წესების დაცვას – სად ვიზომავთ წნევას, როდის და როგორ. წნევის გაზომვისას ქალი უნდა იჯდეს (თუ არაორსულს შეიძლება მწოლიარესაც გავუზომოთ წნევა, ორსულებთან ასე გაზომვა მცდარ ინფორმაციას იძლევა). იდაყვის სახსრიდან ორი თითის დადემით ზემოთ მოვუჭიროთ მანჟეტი და ტონომეტრი მოვათავსოთ გულის დონეზე. თუ პირველ ჯერზე წნევა ვერ დავადგინეთ და მეორედ გვინდა გაზომვა, ერთხანს უნდა მოვიცადოთ. არ შეიძლება წნევის ხელახლა გაზომვა მანჟეტიდან ჰაერის გამოშვების გარეშე (არადა, ბევრი იქცევა ასე) – მანჟეტი უნდა დავცალოთ და დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ხელახლა გავზომოთ წნევა. გასათვალისწინებელია “თეთრი ხალათის სიმპტომი” (ექიმთან ნერვიულობა, ფორიაქი) და სხვა ფაქტორები, რომლებიც ორსულებს ფსიქოემოციურად ძაბავს და შესაძლოა, წნევის აწევაც გამოიწვიოს. წნევის გაზომვისას ქალი მშვიდად უნდა იყოს, დასვენებული. ვარჯიშის, ფეხით ხანგრძლივი სიარულის, სირბილის, კიბეზე ასვლის ან დიდი რაოდენობით სითხის მიღებისთანავე წნევის გაზომვა არ არის რეკომენდებული. კიდევ ერთი: წნევა აუცილებლად უნდა გაიზომოს ორივე ხელზე; რეალურად მიიჩნევა ის მონაცემი, რომელიც უფრო მაღალია.
– წნევის როგორი მაჩვენებელი ითვლება ნორმად ორსულობის დროს? საიდან იწყება დაბალი წნევა?
– ორსულთა ჰიპოტენზიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც სისტოლური წნევა 90 მმ ვწყ სვ-ზე დაბალია, ხოლო დიასტოლური – 60 მმ ვწყ სვ-ზე დაბალი. თუმცა ეს მაჩვენებელი ინდივიდუალურია და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალის დაორსულებამდელ წნევაზეც არის დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ წნევის ერთჯერადი ცვლილება არ ნიშნავს მაღალ ან დაბალ წნევას. თუ წნევის მაჩვენებლები შეცვლილი აღმოჩნდა, აუცილებელია მათი გადამოწმება 4-5 საათის შემდეგ.
– ორსულობის რა ვადაზე ვითარდება ჰიპოტენზია?
– ორსულთა ჰიპოტენზია უმეტესად პირველ და მეორე ტრიმესტრში ვითარდება. ორსულობის გვიან ვადებზე უფრო ჰიპერტენზიას უჩივიან, თუმცა ჰიპოტენზია 30 კვირის ორსულებსაც შეიძლება განუვითარდეთ, რაც უმეტესად ქვედა ღრუ ვენაზე ნაყოფის ზეწოლის ბრალია.
– ორსულობისას განვითარებული ჰიპოტონია მხოლოდ ორსულობის თანმხლები მოვლენაა თუ შესაძლოა, სხვა ორგანული დაავადების გამოვლინება იყოს?
– ცხადია, მიზეზი შესაძლოა სხვა დაავადებაც იყოს. მაგალითად, რომელიმე სისხლძარღვოვანი ან ვეგეტატიური პათოლოგია, გულის მანკი, გენეტიკური ცვლილებები, ნევროლოგიური დარღვევები, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ანემია, ჰიპოდინამია… ხშირად ჰიპოტონიას სეზონური ხასიათი აქვს – წნევის დაქვეითებას საგაზაფხულო ჰიპოვიტამინოზი ან ზაფხულში სითხის დიდი რაოდენობით კარგვა იწვევს.
– რა სიმპტომებით ვლინდება ორსულთა ჰიპოტონია?
– თავის ტკივილით (ორსულს უჭირს კონკრეტული ადგილის მითითება, მას მთელი თავი სტკივა), სისუსტით, ადვილად დაღლით, ტაქიკარდიით, გაბრუებით, თავბრუხვევით – ისეთი შეგრძნებით, თითქოს ფეხქვეშ მიწა გეცლება, გულის წასვლის შეგრძნებით, გულისრევით, ღებინებით, ჰაერის უკმარისობით, შრომის უნარის დაქვეითებით (ზოგჯერ – საკმაოდ ძლიერითაც)… ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.
შესაძლოა, ორსულს ჰქონდეს დაბალი ან მაღალი წნევა მაგრამ ვერ გრძნობდეს, მკურნალობა კი, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა ორსულს წნევა, აუცილებელია, ამიტომ ჩივილების უქონლობის შემთხვევაშიც კი, გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წნევის ხშირი კონტროლი.
– მაინც რა სიხშირით უნდა იზომოს წნევა ორსულმა?
– როგორც მოგახსენეთ, წნევის ხშირი კონტროლი აუცილებელია, მაგრამ არც ტონომეტრზე მიჯაჭვა იქნება სწორი – ეს “წნევის შიშის სინდრომს” იწვევს და ორსულებს მუდმივი “საფრთხის” მოლოდინში ამყოფებს. თავისთავად ცხადია, წნევა უნდა გაიზომოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის (თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ბარბაცი, შუილი) გამოვლენისთანავე.
– რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს დაბალმა წნევამ?
– ჰიპოტონია, ჰიპერტენზიისგან განსხვავებით, მძიმე და სავალალო გართულებებს თითქმის არ იწვევს, თუმცა, თუ წნევის დაბალი მაჩვენებლები დიდხანს შენარჩუნდა, ცხადია, არც ვითარების გართულებაა გამორიცხული. დაბალი წნევის გამო მთელი ორგანიზმის სისხლით მომარაგება მცირდება. ცხადია, შიმშილობს პლაცენტაც. ამის გამო მცირდება ნაყოფის კვება, მისთვის ჟანგბადის მიწოდება. ქრონიკული ჰიპოქსია ნაყოფის ზრდა-განვითარებას აფერხებს… ხშირდება გართულებები დედის მხრივაც.
ჩვენ ვაკვირდებოდით 96 ქალს, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ 3-დან 5-მდე დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული შეწყვეტილი ორსულობა. როდესაც ორსულობის შეწყვეტის ყველა გინეკოლოგიური მიზეზი გამოირიცხა, არაგინეკოლოგიური პრობლემის არსებობაზე დავიწყეთ ფიქრი. გაირკვა რომ ამ პაციენტთა მშობლებს ახალგაზრდა ასაკში გადატანილი ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადება, რომლებიც თრომბოფილიასთან იყო დაკავშირებული – ინფარქტი, ინსულტი, წნევის ცვლილებები, ამიტომ აღნიშნულ პაციენტებს გავუკეთეთ ანალიზი ჰემოსტაზის მემკვიდრეობით დეფექტებზე და მათ 52%-ს ლაბორატორიულად დაუდასტურდა გენეტიკური მუტაცია. ეს მაჩვენებელი ჩვენი პოპულაციისთვის შთამბეჭდავი იყო. არსებობს რეკომენდაციები ასეთი პაციენტების მოვლის თაობაზე, რომელთა წყალობით მრავალი მათგანი დღეს უკვე დედაა. საჭირო იყო მხოლოდ დიაგნოზის დასმა, მიზეზის გარკვევა. ასე რომ, ორსულობის დაგეგმვამდეც და მისი მიმდინარეობის დრ დროსაც აუცილებელია ოჯახური ანამნეზის გათვალისწინება.
– როგორ მკურნალობენ დაბალ წნევას?
– უპირველესად, უნდა გამოირიცხოს ორგანული დაზიანება, რომელიც შეიძლება ჰიპოტონიის მიზეზი იყოს. შესაძლოა, ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა და დაბალი წნევით გამოწვეული ნაყოფის საგანგაშო მდგომრეობის (ფეტოპლაცენტური უკმარისობა) მართვა. მედიკამენტურ მკურნალობაზე არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ორსულის კვებისა და დღის რეჟიმს. აუცილებელია ორსულის ფსიქოემოციური ფონის მოწესრიგებაც. ამ მხრივ უდიდესი როლი ეკისრებათ ოჯახის წევრებს. ორსულს რაც შეიძლება მეტი სიმშვიდე, სიყვარული, დადებითი ემოცია სჭირდება. მის განწყობაზე ბევრადაა დამოკიდებული მისივე ჯანმრთელობა. დაუშვებელია თვითმკურნალობა. ამას შედეგი არ მოაქვს და ხშირად ორსულისთვის საზიანოდ მთავრდება.
– როგორ შეიძლება ჰიპოტენზიის განვითარების პროფილაქტიკა ან  დაბალი წნევით გამოწვეული ჩივილების შემსუბუქება?
– ორსულმა უნდა მიირთვას ხშირად და მცირე ულუფებით. უნდა ერიდოს ცომეულს. 8 საათის შემდეგ არ ჭამოს. ივახშმოს მსუბუქად, ძირითადად ბოსტნეულით. ხილის მისართმევად ოპტიმალური დრო შუადღეა. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს მარილის (ნატრიუმის) მიღება, პარალელურად კი უხვად უნდა ვსვათ ჩვეულებრივი წყალი – 2-3 ლიტრი დღეში. შემიძლია, თამამად ვურჩიო ორსულებს, ყოველდღე დალიონ თითო ჭიქა წითელი ღვინო. ეს არ ავნებთ. პირიქით, ღვინო შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას, მეტადრე – როცა საქმე წნევის პრობლემებს ეხება. სხვა ალკოჰოლური სასმელების მიღება, ისევე როგორც თამბაქოს წევა, დაუშვებელია. გვახსოვდეს ისიც, რომ იმ ოთახში ყოფნა სადაც სიგარეტი მოსწიეს, 4 ღერი თამბაქოს მოწევის ტოლფასია. ნიკოტინი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა. ის იწვევს სისხლძარღვების სპაზმს. პლაცენტის სისხლძარღვები კი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შესაძლოა, ასეთი ზემოქმედების შედეგად ძლიერ დაზიანდეს.
ძალიან კარგია საღამოობით გასეირნება. ამ მსუბუქ აქტივობას და სუფთა ჰაერს ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ზაფხულში ძალიან კარგია მატონიზებელი შხაპი, აუზი, ვარჯიში. უმნიშვნელოვანესია ძილის მოწესრიგებაც. არ შეიძლება ღამეების თევა. ორსულმა დროულად უნდა დაიძინოს და დროულად გაიღვიძოს. გახსოვდეთ, ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მარტო ჰიპოტონიის ,არამედ მრავალი სხვა დაავადების პროფილაქტიკისა და ზოგჯერ მკურნალობის საუკეთესო საშუალებაც არის.
– შეიძლება თუ არა ორსულობისას წნევის ასაწევად ყავის დალევა?
– ამის თაობაზე დღემდე კამათობენ. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი, სამწუხაროდ, არ არსებობს. თუ ორსულს ძალიან მოუნდა ყავა და დაორსულებამდე მას ხშირად სვამდა, შეუძლია დალიოს ერთი ფინჯანი, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს სისტემატური, ყოველდღიური ხასიათი.
 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად