ფრონტიტისა და ჰაიმორიტის სეზონი
 
  აცივდება და ცხვირიდან გამონადენი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევა… მიზეზი, გარდა რინიტისა, შესაძლოა ჰაიმორიტი, სფენოიდიტი, ფრონტიტი, და ეთმოიდიტიც იყოს. ამ ტერმინებით მედიკოსები ჰაიმორის, სფენოიდის, ფრონტალური და ეთმოიდური წიაღების ანთებას მოიხსენიებენ. მათი საერთო სახელი სინუსიტია. ადამიანს თავის ქალაზე სულ 6 წიაღი ანუ სინუსი აქვს. წყვილი ჰაიმორის წიაღი ლოყის ზევით, ყვრიმალის მიდამოში მდებარეობს, კენტი ფრონტალური წიაღი – შუბლზე, წყვილი ეთმოიდური წიაღი ცხვირსა და თვალბუდეს შორისაა განლაგებული, ძირითადი ძვლის წიაღი კი სახის მიდამოშია, ყველაზე ღრმად. სინუსიტების მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე გვესაუბრება:
– რომელი სინუსიტი გვხვდება ყველაზე ხშირად და რა ასაკშია ეს დაავადება უმთავრესად გავრცელებული?
– დანამატი წიაღების ჩამოყალიბება სხვადასხვა ასაკში ხდება. ამის კვალობაზე, განსხვავებულია სინუსიტების ასაკობრივი გავრცელებაც – თუ წიაღი არ არის ჩამოყალიბებული, ცხადია, ვერც მისი ანთება განვითარდება.
თავდაპირველად ეთმოიდის წიაღი ანუ ცხავის ძვლის ლაბირინთი ყალიბდება, მერე – ზედა ყბის წიაღი, რომელსაც ჰაიმორის წიაღი ეწოდება, მოგვიანებით, დაახლოებით 5-6 წლის ასაკში, შუბლის წიაღი იწყებს განვითარებას და დაახლოებით 12 წლისთვის იღებს საბოლოო სახეს. ასევე გვიან ვითარდება ძირითადი ძვლის წიაღი. აქედან გამომდინარე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უმთავრესად ეთმოიდიტი და ჰაიმორიტი გვხვდება, მოზრდილებში კი ფრონტიტიც ხშირია, თუმცა იშვიათად მოზრდილებსაც აქვთ განუვითარებელი შუბლის წიაღი, რასაც რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვიჩვენებს.
ყველაზე ხშირად ეთმოიდიტი გვხვდება, რადგან ცხვირიდან პირველი გასავალი ეთმოიდის ლაბირინთია. სწორედ ის მდებარეობს ცხვირის ღრუსთან ყველაზე ახლოს და გაციებისა თუ გრიპის დროს ცხვირიდან ინფექცია მასში იოლად გა
დადის. გაციებიდან მესამე-მეოთხე დღეს ყველას გამოგვიცდია ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, რაც პროცესის ეთმოიდიტით გართულებას მოწმობს. არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი ამას შესაძლოა სხვა წიაღების ანთებაც დაერთოს.
– რა იწვევს ჰაიმორიტს, ფრონტიტსა და ეთმოიდიტს?

– მიზეზი ვირუსიც შეიძლება იყოს და ბაქტერიაც. როცა ბანალური გრიპის ან სასუნთქი გზების სხვა ვირუსული დაავადების ფონზე ცხვირის ღრუს ლორწოვანი შუპდება, ცხვირში ჰაერის შესვლა ირღვევა და ცხვირით სუნთქვა ჭირს, ცხვირით სუნთქვით გაძნელების დროს კი ირღვევა ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ვენტილაცია და დრენაჟი, რის გამოც სინუსებში ანთებითი პროცესი ვითარდება. გართულება უმეტესად ბაქტერიულია, ამიტომ ჩირქოვანი გამონადენის გაჩენისას უკვე ვიცით, რომ პროცესში ბაქტერიული ფლორაც არის ჩართული. ძალიან იშვიათად გვხვდება სოკოვანი ინფექციით გართულებაც. მას თავისებური მიმდინარეობა ახასიათებს და ძნელად ემორჩილება მკურნალობას. რამდენადაც იშვიათია სოკოვანი ინფექციით გართულება, იმდენად ძნელია მისი მკურნალობა და დიაგნოსტიკა
მკურნალობას, რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირი და გავრცელებული გამომწვევის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებებით ვიწყებთ. თუ პროცესი გახანგრძლივდა და თერაპიამ შედეგი არ გამოიღო, ვაკეთებთ ნაცხის ანალიზს მგრ
ძნობელობაზე, ვადგენთ გამომწვევ მიკრობს და უშუაალოდ მის საწინააღმდეგო  მკურნალობას ვუნიშნავთ.
– ზოგს ხშირად ემართება დანამატი წიაღების ანთება, ზოგს კი შედარებით იშვიათად. რაზეა ეს დამოკიდებული, მათ განვითარებას რაიმე ფაქტორი ხომ არ უწყობს ხელს?
– დანამატი წიაღების ანთება უმეტესად მას ემართება, ვისაც ცხვირით სუნთქვა უჭირს. მნიშვნელობა არ აქვს, რისი ბრალია ეს – ძგიდის გამრუდებისა, რინიტის დროს ნიჟარების გაფართოებისა, ბავშვებში ადენოიდების ჰიპერტროფიისა (რასაც ხალხში შეცდომით პოლიპებს ეძახიან), პოლიპოზისა ალერგიულ პაციენტებში თუ სხვა პრობლემისა. ცხვირით სუნთქვის მოშლის დროს ირღვევა მისი ვენტილაცია და დრენაჟი. ცხვირის ღრუსა და სინუსებში ლორწო გამუდმებით წარმოიქმნება და ცხვირ-ხახაში გადაედინება (მისი რაოდენობა დღე-ღამეში დაახლოებით ერთი ლიტრია), მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, არ გვაწუხებს. ის რომ არ წარმოიქმნებოდეს, ლორწოვანი გამოგვიშრებოდა და მეტ დისკომფორტს ვიგრძნობდით. როდესაც წიაღებიდან ცხვირ-ხახაში ამ ლორწოს გადადევნა ირღვევა, ის გროვდება და ჩირქდება. სინუსიტი სუსტი იმუნური სისტემის პატრონებსაც ხშირად ემართებათ. მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია ასევე სახლიდან ახალდაბანილი, სველი თავით გასვლა, კონდიციონერის ქვეშ ჯდომა, ოფლიან სახეზე ცივი წყლის შესხმა, რაც სპორტსმენებს აქვთ ხოლმე ჩვევად. გარდა ამისა, არსებობს ოდონტოგენური ჰაიმორიტიც – ზედა ყბის რომელიმე, უმეტესად მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე კბილის დაზიანების დროს ინფექცია ხშირად ჰაიმორის წიაღის ანთებას იწვევს. ამ შემთხვევაში ჯერ დაზიანებული კბილის მოცილებაა საჭირო, მერე კი ჰაიმორიტის მკურნალობა. მხოლოდ ეს უკანასკნელი შედეგს ვერ მოგვცემს.
ბავშვებში ხშირი სინუსიტის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ცურვა, ცურვის დროს არასწორი სუნთქვა და ცხვირში ქლორიანი წყლის მოხვედრა. ზოგს ქლორზე ალერგიაც აქვს. ასეთ პაციენტებს ხშირად უჩნდებათ ხანგრძლივი ჩირქოვანი გამონადენი. სასურველია, მათ დროებით თავი დაანებონ ცურვას.
– როდის უნდა მივმართოთ ექიმს და ყოველთვის საჭიროა თუ არა მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა?
– ექიმს უნდა მივმართოთ, უპირველეს ყოვლისა, ცხვირით სუნთქვით გაძნელების დროს, რათა გაირკვეს, რისი ბრალია ეს დისკომფორტი და შესაბამისი მკურნალობა შეირჩეს. მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა ყოველთვის არ არის აუცილებელი. თუ ცხვირის ღრუ საშუალებას გვაძლევს, ადგილობრივი შესასხურებელი, გამათხევადებელი საშუალებებით გავასუფთაოთ, ანტიბიოტიკები უმეტესად არც კი ინიშნება. არსებობს ფენილეფრინის შემცველი, ცხვირის გამხსნელი უამრავი სპრეი და მკურნალობას სწორედ ამით ვიწყებთ. გარდა ამისა, იყიდება კომბინირებული სპრეებიც, რომლებიც სტეროიდსა და ანტიბიოტიკს შეიცავს და შეშუპების სრულ ალაგებას იწვევს. თუ გართულები არ არის მოსალოდნელი, ანტიბიოტიკს არ ვუნიშნავთ. თუ იმუნური სისტემა ძლიერია და არც ცხვირით სუნთქვაა გაძნელებული, ბანალურ გამონადენს ორგანიზმი თავად დაძლევს. მაგრამ თუ გამონადენი სქელია, მოყვითალო ფერისა, ჩირქოვანი და გახანგრძლივდა კიდეც, სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია.
ცხვირის წვეთებისა და აეროზოლების გამოყენებისას ზედმიწევნით უნდა შესრულდეს ექიმის მითითება გამოყენების ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ. წამლების არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა სიმპტომები დაამძიმოს და პროცესის გაქრონიკულება გამოიწვიოს. ზოგჯერ ბავშვს ასეთი გამონადენი თვეობით და წლობითაც კი აქვს, მაგრამ მშობლები ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ეს უკურნებელ პრობლემად მიაჩნიათ. ისეთი შემთხვევებიც არის, რიდესაც არასწორად, შესაბამისად, უშედეგოდ მკურნალობენ და გული უტყდებათ. უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანაა. ამ შემთხვევაში გამონადენი ბოლომდე ალაგდება.
არსებობს ძალიან კარგი სამკურნალო საშუალებები, კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც ცხვირის წვეთების ან სპრეის სახით გამოდის. დიდად გვეხმარება ფიზიოთერაპიაც, განსაკუთრებით – ლაზეროთერაპია. ის ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპების და ადენოიდების დაპატარავებას უწყობს ხელს (განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე მიზეზით ოპერაციისგან თავს ვიკავებთ).
ქრონიკული სინუსიტის გამწვავება, თუ მკურნალობა დროულად და სწორად ჩატარდა, 10-14 დღეში უნდა ალაგდეს, არასწორი მკურნალობის შემთხვევაში კი შესაძლოა თვეობითაც გაგრძელდეს, მერე კი რამდენიმე ხნით “მიიძინოს”. სინუსიტი ქრონიკულად მიიჩნევა, თუ 4 კვირაზე მეტხანს გასტანს და ხშირი რეციდივი ახასიათებს. ქრონიკული ჰაიმორიტის, ფრონტიტის, სფენოიდიტისა და ეთმოიდიტის მკურნალობის მიზანი რემისიის, ანუ გამწვავებებს შორის არსებული პერიოდის გახანგრძლივებაა. თუ პაციენტი სწორი რეჟიმით იცხოვრებს და ცხვირით სუნთქვას ყურადღებას მიაქცევს, შესაძლოა, დაავადება საერთოდ არ გაუმწვავდეს, ანდა გაუიშვიათდეს. მწვავე სინუსიტის გაქრონიკულებას არასწორი მკურნალობა და ცხვირით მოუწესრიგებელი სუნთქვა იწვევს. არის შემთხვევები, როცა ჰაიმორიტს ვმკურნალობთ, მაგრამ ცხვირით სუნთქვის დარღვევის გამო შედეგს ვერ ვაღწევთ. ყველაფერი, რაც ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს – პოლიპოზი, ადენოიდები, ძგიდისა თუ ნიჟარების გამრუდება… მაგრამ ზოგიერთი პრობლემა იოლი მოსაგვარებელი არ არის. მაგალითად, ალერგიული პაციენტები გამუდმებით უჩივიან პოლინოზს და ცხვირიდან გამონადენს. მათ ალერგოლოგებსა და ოტოლარინგოლოგებთან ერთდროულად უნდა იმკურნალონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ სასურველ შედეგს.
– ცხვირიდან გამონადენზე ვისაუბრეთ. კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს სინუსიტს? რა გართულების გამოწვევა შეუძლია მას?
– გარდა გამონადენისა, ფრონტიტსა და ჰაიმორიტს თვალებზე ზეწოლის შეგრძნება, თავის ტკივილი (განსაკუთრებით – შუბლის მიდამოში), სწრაფად დაღლა, ტემპერატურული რეაქცია და სუნთქვის გაძნელება ახასიათებს. თითქმის ყველა სინუსიტს ახლავს თან უკან, ცხვირ-ხახაში ჩამონადენი ნახველის შეგრძნებით. როგორც უკვე ვთქვით, ლორწო ნორმალურ მდგომარეობაშიც წარმოიქმნება, მაგრამ როცა პაციენტი დისკომფორტს განიცდის, ეს იმის ნიშანია, რომ ლორწოს წარმოქმნა გაძლიერებულია, ანდა ლორწოა გასქელებული. გარდა ამისა, ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ხელის დაჭერისას ლოყისა და ყვრიმალის არეში, ფრონტიტისთვის – შუბლის მიდამოში, ეთმოიდიტისთვის კი ქუთუთოებისა და თვალებს შორის მიდამოსი. ხშირად ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვაც აღინიშნება. სფენოიდიტი შედარებით იშვიათია და კისრისა და თავის ზედა ნაწილის ძლიერი ტკივილით მიმდინარეობს.
გართულებები ყველაზე ხშირად თვალბუდის მიდამოში ვითარდება, რაც თვალბუდის მიდამოს ან ლოყის შეშუპებით ვლინდება. მენინგეალური სიმპტომების (მაღალი ტემპერატურა, კისრის კუნთების რიგიდულობა, თავის ძლიერი ტკივილი) არსებობა მენინგიტით (თავის ტვინის გარსების ანთებით) გართულების მანიშნებელია. ასეთ დროს შესაბამისი გამოკვლევები: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რენტგენოგრაფიული კვლევა, – ტარდება. აუცილებლია ანტიბიოტიკოთერაპია,
ზოგჯერ – ქირურგიული ჩარევაც. უპირველეს ყოვლისა, ტარდება ზედა ყბის წიაღის პუნქცია: ცხვირის ღრუდან შევდივართ ამ წიაღში და ჩირქოვანი მასა გამოგვაქვს. ამ პროცედურას აქვს როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო ფუნქცია. თუ ეს ჩარევა საკმარისი არ აღმოჩნდა, პაციენტმა უკეთესობა ვერ იგრძნო, აუცილებლად მიიჩნევა ქირურგიული ჩარევა ენდოსკოპიური მიდგომით – ენდოსკოპის მეშვეობით ცხვირის ღრუდან სხვადასხვა წიაღის ბუნებრივი სავალის გაფართოება, შეშუპებული ლორწოვანის მოცილება და პათოლოგიური შიგთავსის დრენირება. ეს მეთოდი ნაკლებინვაზიური და ნაკლებმტკივნეულია.
– ჰაიმორის წიაღის კისტის შესახებ რას გვეტყვით?
– კისტა ინფექციური დაავადება არ არის. ეს გახლავთ სითხით სავსე სტერილური ბუშტი, რომელიც რომელიმე სინუსშია მოთავსებული. იშვიათად გვხვდება ბავშვებში, უფრო მეტად მოზრდილებშია გავრცელებული. კისტა გართულებას თითქმის არ იწვევს, არც თავის ტვინის და არც თვალბუდის მხრივ. როდესაც ის გადაივსება და წიაღს მთლიანად შეავსებს, კედლებს აწვება და თავის ტკივილს იწვევს. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ტკივილგამაყუჩებლებს არ ემორჩილება. ერთადერთი გამოსავალი კისტის პუნქცია და სითხისგან დაცლაა. კისტა ერთიც შეიძლება იყოს და რამდენიმეც. თუ კისტა გადავსებული არ არის, ოპერაცია საჭიროდ არ მიიჩნევა, ხოლო თუ ხშირად ივსება და დისკომფორტს იწვევს, აუცილებელია მისი რადიკალური მოცილება.
– შესაძლებელია თუ არა ჰაიმოროტის და ფრონტიტის განვითარების თავიდან აცილება?
– ძნელია, ზამთარში ადამიანმა ვირუსს თავი აარიდოს, თუმცა ორგანიზმის იმუნურ სისტემაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ძლიერი იმუნიტეტის მქონე პირებს ბანალური გაციება იშვიათად ურთულდებათ ფრონტიტით ან ჰაიმორიტით, ხოლო სუსტი იმუნური სისტემის პატრონები, სამწუხაროდ, ხშირად ეჯახებიან ამ პრობლემას. მართალია, ვირუსებისგან თავის დაცვის უტყუარი საშუალება არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მაინც შეგვიძლია მივცეთ მკითხველს: შეძლებისდაგვარად ვერიდოთ ცივი და ნესტიანი ჰაერის ხანგრძლივად სუნთქვას, კონდიციონერთან ახლოს ჯდომას, მტვრის ან სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვას, სველი თავით გარეთ გასვლას, ქლორირებულ აუზში ბანაობას. თუ ადამიანს ალერგია აქვს, აუცილებელია, მიმართოს ალერგოლოგს და სათანადო მკურნალობა ჩაიტაროს. თუ ქრონიკული სინუსიტის მქონე პაციენტს ხშირად უწევს ფრენა, აფრენამდე ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალების შესხურებაა რეკომენდებული. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ცხვირით ნორმალურად სუნთქვის აღდგენაა, ამიტომ უპირველესად მისი ხელის შემშლელი ფაქტორის აღმოფხვრაა საჭირო.

 
 
სიახლეები
ავერსის ცენტრალური კლინიკა ექვსი წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად