ორსულობისთვის მზადება

  ორსულობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია: მის წიაღში ისახება და ვითარდება არსება, რომელიც დედას ჯერ არ უნახავს, მაგრამ უკვე ყველაზე მეტად უყვარს... შვილის ჯანმრთელობა ყველა დედისთვის უმთავრესია, ამიტომ მასზე ზრუნვას დაორსულებისთანავე იწყებენ, მაგრამ ზოგჯერ უკვე გვიანია... ამიტომაც არის, რომ დღეს მთელ მსოფლიოში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩასახვისწინა კონსულტაციას. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელიც ორსულობისთვის ემზადება, ვის უნდა მიმართოს, რა გამოკვლევები ჩაიტაროს? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო ხოტივარი.
– როგორ უნდა მოვემზადოთ ორსულობისთვის, აუცილებელია თუ არა ორსულობის დაგეგმვა?
– ბავშვის გასაჩენად ორივე მშობელი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური მზადყოფნაც. არსებობს უამრავი დაავადება, რომელთა დროს დიდია ორსულობის შეწყვეტის ან ნაყოფის პათოლოგიური განვითარების საფრთხე, თუმცა პრევენციულ ღონისძიებებსა და მკურნალობას შეუძლია, გართულება თავიდან აგვაცილოს.
გაურთულებელი, დაბალი რისკის ორსულობისას ქალი 4 უფასო ანტენატალური ვიზიტით სარგებლობს, თუმცა სათანადო მეთვალყურეობისთვის საშუალოდ 5-8 ვიზიტია საჭირო. ორსულობამდელი კონსულტაცია კი მიზანშეწონილია ჩაუტარდეს წყვილს ჩასახვამდე 3-6 თვით ადრე.
– ვის უნდა მიმართოს და, საზოგადოდ, როგორ მოუაროს თავს ქალმა, რომელიც ორსულობისთვის ემზადება?
– პირველ რიგში, უნდა მივიდეს ქალთა კონსულტაციაში, პირად გინეკოლოგთან (რომელიც ყველა ქალს უნდა ჰყავდეს). ჩასახვამდელი მეთვალურეობა მოიცავს რისკის შეფასებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას და ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს. რისკის შეფასება გულისხმობს ანამნეზის შეკრებას, საექიმო გასინჯვას, ლაბორატორიულ გამოკვლევას, პოტენციური რისკის გამოვლენას, ქალის სათანადო კონსულტირებას და, შეძლებისამებრ, მკურნალობასაც ამ რისკის შესამცირებლად. რისკს ფაქტორებია აივ ინფექცია, B ჰეპატიტი, TORCH ინფექციები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ჰიპერტენზია, მედიკამენტური მკურნალობა, კვებითიწონითი სტატუსი, ეკონომიკური მდგომარეობა, თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, აკრძალული მედიკამენტების გამოყენება და არასახარბიელო მემკვიდრეობა. საჭიროა ქალის კონსულტირება ტერეტოგენული ფაქტორების, მაგალითად, A ვიტამინის, თამბაქოს კვამლისა და ალკოჰოლის გავლენის შესახებ, ასევე – რეკომენდაციის გაცემა ფოლიუმის მჟავას მიღების აუცილებლობის თაობაზე. ლაბორატორიული გამოკვლევა მოიცავს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, სისხლის ანალიზს ჰორმონებზე, გლუკოზაზე, ინფექციებზე, ნაცხის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების, მუცლის ღრუს ულტრაბგერით გამოკვლევას. ყოველივე ამასთან ერთად, ხშირად აუცილებელია სხვადასხვა სპეციალობის ექიმების კონსულტაციაც. ყურადღება ექცევა იმასაც, იყენებდა თუ არა ქალი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და როდის შეწყვიტა მათი გამოყენება.
– რა ასაკია ოპტიმალური ორსულობისთვის და რითია საშიში ნაადრევი ან ნაგვიანევი ორსულობა?
– ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ დედობისთვის ყველა სხვადასხვა ასაკში შეიძლება აღმოჩნდეს მზად.
საზოგადოდ, დაორსულება შეუძლია რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალს, თუმცა ოპტიმალური ასაკი 18-30 წელია.
ფერტილობის (შვილოსნობის) პიკი 20-25 წელზე მოდის. ამის შემდეგ ის ნელ-ნელა იკლებს.
ადრეულ ასაკში (14-დან 19 წლამდე) დაორსულებისას ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის სიკვდილი, ეკლამფსია და პრეეკლამფსია (ორსულთა ჰიპერტენზია). ამ ასაკში მშობიარობა არის ერთგვარი სოციალური სტიგმაც, ამიტომ ორსული ხშირად თავს არიდებს ანტენატალურ ვიზიტებს, რაც მის და მისი შვილის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
ნაგვიანევი ორსულობისას განსაკუთრებით იმატებს გენეტიკური ანომალიების განვითარების საფრთხე.
– ეს განმეორებით ორსულობასაც ეხება თუ მხოლოდ პირველს?
– რა თქმა უნდა, ხანდაზმული (30 წელს გადაცილებული) პირველმშობიარისთვის რისკი უფრო მაღალია.
– ორსულები ხშირად უჩივიან ყაბზობას, მეტეორიზმს და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის სხვა დარღვევებს. როგორ უნდა იკვებოს ქალი, რომელიც ორსულობისთვის ემზადება, ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
– ყველა ადამიანისთვის აუცილებელია ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. ორსულისთვის კი მით უმეტეს – ის ხომ 200 კალორიით მეტს მოიხმარს. ორსულობისას იმატებს პროგესტერონის დონე, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გლუვი მუსკულატურის მოდუნებას იწვევს. ამას ემატება ნაწლავებზე ნაყოფის ზეწოლაც და ხშირად საქმე ყაბზობამდე მიდის. ამ დროს შეკრულობას მხოლოდ დიეტით შესაძლოა ვერ ვუშველოთ, თუმცა ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების წესი ნაწლავთა მოქმედების აღსადგენად უკეთეს პირობებს ქმნის.
ორსულობისას ხშირია მიკროელემენტების დეფიციტიც, რადგან ნაყოფი დიდი რაოდენობით რკინასა და კალციუმს მოიხმარს. დაორსულებამდე ბალანსირებული კვება ორგანიზმში ამ ელემენტების მარაგს ქმნის და დეფიციტის პრევენციას ახდენს. ამრიგად, ორსულობისთვის მზადებისას ქალმა ზედმიწევნით უნდა მოიწესრიგოს დღისა და კვების რეჟიმი. მიირთვას ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები: ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, საქონლის, ფრინველისა და თევზის ხორცი; ჭამოს დღეში 3-4-ჯერ, მცირე ულუფებით; რაციონი ძირითადი წილი საუზმესა და სადილზე უნდა მოდიოდეს, ვახშამი და სამხარი კი მსუბუქი იყოს. უნდა მოწესრიგდეს დღის რეჟიმიც: უძილობა, გადაღლა ნერვულ სისტემაზე აისახება, რაც ორგანიზმისთვის ნამდვილად არ არის კარგი.
– რას გვეტყვით ორსულობისას თამბაქოს მოხმარებაზე? როგორ უნდა მოიქცეს მწეველი ქალი, თუ დაორსულება სურს?
– მწეველ ქალებს დაორსულება უჭირთ, ჩასახვისწინა კონსულტაციაზე ისინი ხშირად ახსენებენ თვითნებით აბორტს, დაორსულების შემთხვევაში დიდია ნაადრევი მშობიარობის ალბათობა, ხოლო ახალშობილი მცირეწონიანია. საყ
ურადღებოა, რომ სწორედ ნიკოტინის მაღალ კონცენტრაციას უკავშირდება ნაყოფის უეცარი სიკვდილის სინდრომი, როდესაც ნორმალურად განვითარებული ნაყოფი დროულ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე იღუპება. არსებობს მოსაზრება, რომ თუ დედა მწეველია, საგრძნობლად იმატებს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების რისკიც. ამრიგად, თამბაქოსთვის თავის დანებება ორსულობის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
სამწუხაროდ, არსებობს ასეთი ფენომენიც – მწეველი დედის ნაყოფი, რომელიც ეჩვევა დედის ორგანიზმში ნიკოტინის მაღალ დონეს, თვითონვე ხდება ნიკოტინდამოკიდებული; თუ ასეთმა ქალმა თამბაქოს ორსულობის პერიოდში დაანება თავი, შესაძლოა, მასაც და ნაყოფსაც განუვითარდეთ ძლიერი აღკვეთის სინდრომი, რაც ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის. ამიტომ ზოგიერთი ექიმი გამონაკლისის სახით ორსულს მოწევის უფლებას აძლევს, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და ასეთ დროს დიდია ზემოთ ჩამოთვლილ გართულებათა ალბათობა.
– დაორსულებამდე რამდენი ხნით ადრეა მიზანშეწონილი თამბაქოსთვის თავის დანებება?
– მიიჩნევა, რომ ორგანიზმს ნიკოტინისგან გასათავისუფლებლად დაახლოებით 8 თვე სჭირდება.
– ორსულობის თანმხლები პრობლემაა ბუასილი. არსებობს თუ არა მისი პრევენციის გზა?
– პრევენციული ღონისძიებები, სრულიად რომ გამორიცხავდეს ბუასილის განვითარებას, სამწუხაროდ, არ არსებობს. ხელშემწყობი ფაქტორებია შეკრულობა, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა, ვენური უკმარისობა, ნაყოფის ზეწოლა ვენებზე, პროგესტერონის მაღალი დონით განპირობებული გლუვი კუნთების მოდუნება. ცხადია, ნაყოფის ვენებზე ზეწოლას ან პროგესტერონის მომატებას ვერ აღვკვეთთ, მაგრამ შეგვიძლია, საგრძნობლად შევამციროთ შეკრულობის განვითარების ალბათობა ჯანსაღი ბალანსირებული კვებით, წონის კონტროლით, დღის რეჟიმის მოწესრიგებით, დიდხანს ჯდომისთვის თავის არიდებით.
– ბუასილი განსაკუთრებით ხშირია განმეორებითი ორსულობისას...
– მართალი ბრძანდებით. თუ მშობიარობა ფიზიოლოგიური გზით წარიმართა, განმეორებითი ორსულობისას დაავადების გამწვავება ფაქტობრივად გარდაუვალია, ამიტომ თუ ბუასილი მძიმეა, იწვევს შემაწუხებელ ჩივილებს, ზღუდავს შრომის უნარს და პაციენტიც ისევ აპირებს დაორსულებას, წინასწარ აუცილებლად უნდა მიმართოს პროქტოლოგს და ადეკვატურად იმკურნალოს. შესაძლოა გაიკეთოს ოპერაციაც, რაც სადღეისოდ ჰემოროიდული დაავადების მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
– როგორ უნდა მოვემზადოთ მომდევნო ორსულობისთვის და როგორია ორსულობიდან ორსულობამდე ოპტიმალური შუალედი?
– ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ორსულობიდან ორსულობამდე ოპტიმალური შუალედი საშუალოდ ორი წელია. ამაზე ადრე დამდგარი განმეორებითი ორსულობისას იმატებს საშვილოსნოს გახევისა და დედისა და ნაყოფის ტრავმატიზმის, ასევე – სხვა მძიმე გართულებების რისკი. როდესაც შუალედი მცირეა, ქალის ორგანიზმი ვერ ასწრებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენას, ორგანოთა უკუგანვითარებას. თუმცა ისე არ გაიგოთ, თითქოს განმეორებითი ადრეული ორსულობა ყოველთვის რთულად მიმდინარეობდეს; ადვილი შესაძლებელია, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ორსულობიდან ორსულობამდე ჯანმრთელობისადეკვატური მართვა, მიკროელემენტების დეფიციტის შევსება, წონის კორექცია, ანემიის კუპირება და სხვა. თუ პირველი მშობიარობა საკეისრო კვეთით დასრულდა, გართულების ალბათობა გაცილებით მაღალია და შუალედიც, სასურველია, მეტი იყოს. თუ საკეისრო კვეთის შემდეგ უკვე გაიარა ორმა წელიწადმა და ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაწიბურის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას აჩვენებს, შეიძლება, ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიაროს.
გვანცა გოგოლაძე
 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად