სათამაშო ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის

  ბავშვობაში ალბათ თქვენც გქონიათ საყვარელი სათამაშო, რომელთან ერთადაც იძინებდით და იღვიძებდით, რომელსაც გულისნადებს უმხელდით, რომელთანაც მეგობრობდით. ბავშვის პირველი მეგობრები სწორედ მისი სათამაშოები არიან. თამაშ-თამაშით ის ახალ-ახალ უნარებს ითვისებს, შეიცნობს გარემოს და ვითარდება. ამიტომაც არის, რომ ბავშვის ფსიქიკის სწორი განვითარებისთვის, მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისა და გონებრივი შესაძლებლობების ფორმირებისთვის სათამაშოების შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე პატარებისთვის
ციცქნასთვის სათამაშოების შერჩევაზე დაახლოებით 6-8 კვირიდან უნდა ვიზრუნოთ. ეს ის ასაკია, როცა პაწაწინა ეს-ესაა იწყებს სამყაროს შეცნობას. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ აქტიურობას და ნუ გააბრუებთ ჩვილს კაშკაშა და ხმაურიანი სათამაშოებით. ამ ასაკში ბავშვებს ყველაზე მეტად მუცლად ყოფნის პერიოდს მიმსგავსებული გარემო სიამოვნებთ და სიმშვიდე სჭირდებათ. 6 კვირამდე ასაკის ახალშობილისთვის საუკეთესო სათამაშო მისივე ხელ-ფეხია. აი, თვე-ნახევრის, ორი თვის ასაკიდან კი უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩხრიალები, მკვეთრი ფერის სათამაშოები, რომლებიც ხმას გამოსცემს, საწოლზე დასამაგრებელი მბრუნავი, მუსიკალური და კონწიალა სათამაშოები, რომლებსაც პატარამ შესაძლოა ხელი წაატანოს. 2-3 თვის ჩვილი უკვე ცდილობს, წაეპოტინოს და მოეჭიდოს საგანს, მას უკვე შეუძლია მისთვის საინტერესო ნივთზე მზერის ფოკუსირება. ამ ასაკიდან უკვე შესაძლებელია მის ემოციურ განვითარებაზე ზრუნვაც. სათამაშოს საშუალებით ბავშვი ფერს, ფორმასა და ხმას ეცნობა, ავარჯიშებს ზოგად კოორდინაციას და ხელების ცალკეულ მოძრაობებს. დააკვირდით, აყოლებს თუ არა თვალს თქვენი პატარა სათამაშოს, მიეცით საშუალება, ხელში დაიჭიროს ნივთი. ამასთან, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პაწაწინა ყველაფერს პირისკენ მიაქანებს, ამიტომ ჩვილისთვის განკუთვნილი სათამაშო დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურდ სუფთა ნედლეულისგან და არ შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. ერიდეთ წახნაგოვან, კუთხეებიან, ასევე – მცირე ელემენტებისგან აწყობილ ნივთებს, რადგან მათ შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ თქვენს პატარას. უპირატესობა ლატექსის და სხვა ეკოლოგიურად სუფთა მასალის სათამაშოებს მიანიჭეთ.
კბილების ამოჭრისას
6 თვისთვის აქტუალური ხდება ისეთი სათამაშოები, რომელთა ღეჭვაც შესაძლებელია, რადგან კბილების ამოჭრის რთული პერიოდი იწყება. გარდა ამისა, ბავშვი უფრო და უფრო მოძრავი ხდება და თანდათან ჯდომასაც სწავლობს, ამიტომ 6-9 თვის პატარებისთვის რეკომენდებულია ისეთი სათამაშოები, რომლებიც მათ მოძრაობით უნარ-ჩვევებს უვითარებს, ცოცვისკენ უბიძგებს. ამ ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი სათამაშოების ნუსხა ასეთია: ნატურალური ფერის რეზინის რგოლები, ჩაქუჩები და სხვა სათამაშოები, რომელთა პირში ჩადება და ღრძილების მოქავება შეიძლება; რეზინის ბურთი; სააბაზანოს სათამაშოები; ჭყვიტინა რეზინის სათამაშოები.
9-დან 12 თვემდე კბილების ამოსვლის პერიოდი გრძელდება, ამიტომ ყველა ზემოთ ნახსენები სათამაშო კვლავ აქტუალურია, თუმცა ისინი უკვე აღარ არის საკმარისი. მათი არსენალი აუცილებლად უნდა გავამდიდროთ გონებისა და მოძრაობის კოორდინაციის განმავითარებელი სხვა ნივთებითაც. ამ ასაკში ბავშვები ზომისა და ფორმის გარჩევას სწავლობენ, იწყებენ ფერების განსხვავებას და აღქმას, უვითარდებათ სხვადასხვა ტიპის მუსიკის აღქმის უნარიც, ამიტომ 9-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის
რეკომენდებულია მუსიკალური სათამაშოები. ასევე მიზანშეწონილია, შეიძინოთ დასაქოქი მანქანები, ხის კუბურები, უკეთეს შემთხვევაში კი ხის ფიგურების მთელი კომპლექტი, სადაც, კუბურებთან ერთად, იქნება სხვა გეომეტრიული ფიგურებიც: პრიზმა, ბურთი, პირამიდა. კარგი იქნება, თუ შეიძენთ “ლეგოს” კონსტრუქტორებს, რუსულ მატრიოშკებს, დასაქოქ სათამაშოებსა და ქვიშაში სათამაშო კომპლექტსაც. ოღონდ არ გაგიკვირდეთ, თუ ბავშვი ამ ფერადი, თვალისმომჭრელი სათამაშოებისკენ არც კი გაიხედავს და იმ საყოფაცხოვრებო ნივთებით დაინტერესდება, რომლებსაც ოჯახის წევრები ყოველდღიურად იყენებენ. ნუ დაუშლით პატარას სამზარეულო ინვენტარით (ცხადია, გარდა ბასრი და მჭრელი საგნებისა) გართობას. ქვაბით, ხის კოვზებით, ტაფებით, საწურითა და სხვა ნივთებით ის მშვენივრად შეიქცევს თავს.
პირველი ნაბიჯები რომ გაუადვილდეს
1-დან 3 წლამდე ასაკის პატარებს ერთბაშად უამრავი ახალი ინფორმაციის აღქმა, ახალი უნარის გამომუშავება და შესწავლა უწევთ. მათთვის საინტერესო სათამაშოების არეალიც საგრძნობლად ფართოვდება. ერთი წლის ასაკში პატარა სიარულს სწავლობს, თუმცა მისი ნაბიჯები გაუბედავია, რადგან კოორდინაციის უნარი საკმარისად ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული. კოორდინაციის განვითარებაში პატარას მოძრავი სათამაშოები დაეხმარება. მაგალითად მანქანა, დასაქოქი ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა მოძრაობას ასრულებს... სიარულის უკეთ შესასწავლად ყველაზე ეფექტურია საგორავებელი სათამაშოები, რომლებიც მოძრაობისას ”ცოცხლდება”. მაგალითად პეპელა, რომელიც მოძრაობისას ფრთებს იქნევს ან კურდღელი, რომელიც მოძრაობისას დოლზე აკაკუნებს. ბავშვი თავად სათამაშოს მოძრაობაზე ახდენს კონცენტრირებას და ნაბიჯებს ავტომატურად ადგამს, რაც უქრობს სიარულის შიშს და ნაბიჯების სწორად გადადგმის ჩვევას უყალიბებს.

1-დან 3 წლამდე ასაკის პატარებს გარკვეული საყოფაცხოვრებო ჩვევებიც უყალიბდებათ, მათ შორის – საკუთარი ხელით ჭამისა, დამოუკიდებლად დაძინებისა... ამ ჩვევების განვითარებაში ბავშვებს თოჯინები, პლუშის სათამაშოები, სათამაშო სამზარეულოს ინვენტარი დაეხმარება. როდესაც პატარა თოჯინას აძინებს ან აჭმევს, თავადაც სწავლობს, რომ კოვზი პირთან უნდა მიიტანოს, დაძინების დროს თავი ბალიშზე უნდა დადოს და თვალები დახუჭოს და ა.შ.
ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წვრილი მოტორიკის განვითარებას, რაშიც პატარებს მარტივი სამშენებლო კომპლექტები, ცხოველებისგამოსახულებიანი ლოტო, კუბურები და ლეგო დაეხმარება. ამ ასაკშიც შეუცვლელია ფერადი პირამიდა, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფერის რგოლებისგან შედგება. აქტუალობას იძენს ფერადი ფანქრები და ფლომასტერებიც, რადგან 2-3 წლისთვის პატარები ხატვას იწყებენ.
გაითვალისწინეთ ერთი რამ: როდესაც სათამაშოს 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის ყიდულობთ, კარგად დააკვირდით, ხომ არ აქვს ის მცირე ზომის დეტალები, რომლებსაც ბავშვი ადვილად მოაძრობს. თუ ასეთი რამ შენიშნეთ, სათამაშო არამც და არამც არ შეიძინოთ, რადგან პატარებს, რომლებიც ყველაფერს პირისკენ მიაქანებენ, შესაძლოა, სათამაშოს დეტალი გადაეყლაპოთ.
დადგა შემოქმედებითი განვითარების დრო
3-დან 5 წლამდე ასაკი ბავშვის შემოქმედებითი განვითარებისთვის არაჩვეულებრივი პერიოდია. ამ ასაკის პატარებს უყვართ საგნების დაშლა, აწყობა, ამოღება, ჩასმა, დამატება და აშენება. შეარჩიეთ ისეთ სათამაშოები, რომლებიც თამაშის სხვადასხვა ვარიაციის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ხის კუბურებისა და ერთმანეთში ჩასასმელი პლასტმასის კუბურების გამოყენება შეიძლება გზების, ზოოპარკის, ხიდებისა და მანქანების ასაშენებლად. ასეთი სათამაშოები ბავშვის წარმოსახვას ავითარებს და მას პრობლემის გადაჭრისა და ლოგიკური აზროვნების უნარების გამომუშავებაში ეხმარება. ამაში პატარებს მარტივი ფაზლები და მოზაიკაც დაეხმარება. მოზაიკა და ფერადი თიხა პატარას შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაშიც შეუწყობს ხელს და, ამასთან, წვრილი მოტორიკის განვითარების არაჩვეულებრივი საშუალებაა. უყიდეთ პატარას ფერადი თიხა და დაეხმარეთ სხვადასხვა ცხოველის, საყვარელი ხილისა და ბოსტნეულის, საყოფაცხოვრებო ნივთების გამოძერწვაში.
4-5 წელი როლური თამაშების ასაკია. ასეთი თამაშები (დედაშვილობანა, მასწავლებლობანა, მზარეულობანა, სახლობანა, ექიმობანა, ომობანა) ფანტაზიას ავითარებს, თანატოლებთან ურთიერთობას ასწავლის პატარას, უფრო კომუნიკაბელურს ხდის მას. უყიდეთ ბავშვს როლური თამაშებისთვის საჭირო ინვენტარი: პლასტმასის საჭმელი (ხილი, ბოსტნეული, ნამცხვარი) და ჭურჭელი, ფუმფულა სათამაშოები და თოჯინები, მატარებლები და სატვირთო ავტომობილები, თოჯინის სახლები, სათამაშო იარაღები და სხვადასხვა პროფესიისთვის დამახასიათებელი ნივთები (მაგალითად, ექიმის ნაკრები). 3-5 წლის ბავშვს უკვე შეიძლება ისეთი სათამაშოც ვაჩუქოთ, რომლის მართვასაც თავად შეძლებს. საუკეთესო ვარიანტი სამთვლიანი ელოსიპედია. ის პატარას კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის უნარსაც განუვითარებს და კუნთებსაც გაუძლიერებს. ამავე ასაკიდან ბავშვები ცხოველებითაც ინტერესდებიან, ისე რომ, შეგიძლიათ, პლუშის სათამაშოებიც უყიდოთ. სასურველია, ეს სათამაშოები არ იყოს მაღალბეწვიანი და ლითონისდეტალებიანი, სხეულის ნაწილები კი დრეკადი და დამყოლი ჰქონდეს (საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ნებას რომ დაჰყვეს). ზომიერება აქაც მნიშვნელოვანია; ოთახის საგამოფენო დარბაზად ქცევა ზედმეტია, რადგან ბავშვები ერთგულებით გამოირჩევიან –
ამოიჩემებენ ხოლმე ერთ სათამაშოს და დანარჩენებს თითქოს ვერც კი ამჩნევენ.
არჩევანი პატარებზეა
მომდევნო ასაკობრივ ჯგუფს 5-დან 7 წლამდე ასაკის პატარები ქმნიან. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი სასკოლოდ უნდა მოამზადოთ და მის გონებრივ განვითარებაზე განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ. ამაში ანბანიანი დაფები და კუბურები, ფაზლები, კონსტრუქტორები და დასურათებული წიგნები დაგეხმარებათ. მიაჩვიეთ პატარა წიგნთან ურთიერთობას. თანამედროვე საბავშვო წიგნები იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. სხვადასხვა ტიპისა და სტრუქტურის – მუსიკალური, პანორამული და ა.შ. – წიგნები აუცილებლად გამოიწვევს პატარას ინტერესს, თქვენ კი საშუალება მოგეცემათ, ბავშვი კითხვის კულტურას აზიაროთ და წიგნის გაფრთხილება ასწავლოთ. 5-7 წელი მნიშვნელოვანი ასაკია იმითაც, რომ ბავშვი თანდათან უნდა მიეჩვიოს მისთვის შესაფერისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას. მიეცით უფლება, თავად შეარჩიოს სასურველი სათამაშო, წიგნი, ფერადი საღებავი...
დაბოლოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ: სათამაშო ხარისხიანი და პატარას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო უნდა იყოს; დამზადებული იყოს მაღალხარისხოვანი, ნატურალური, უსაფრთხო მასალისგან, არ იწვევდეს ალერგიას და ინტოქსიკაციას. მძაფრი სუნი და თვალისმომჭრელად მკვეთრი ფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი წესი დარღვეულია და სათამაშო ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. მართალია, უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშო საკმაოდ ძვირია, მაგრამ უმჯობესია, აქცენტი ხარისხზე გააკეთოთ და არა რაოდენობაზე.
სტატიის მომზადებისას გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ფსიქოლოგ თამარ იაძეს.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად