გაჭედილი ნესტოები

 
რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ნებისმიერ ასაკში ზედა სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და სხვა ინფექციური დაავადების (გრიპი, ადენოვირუსული ინფექცია, ჩუტყვავილა, დიფტერია, ქუნთრუშა) ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს. ბავშვებს რინიტის ფონზე ადვილად ემართებათ სინუსიტი, რაც გახანგრძლივებული სურდოს მიზეზად იქცევა.
გვესაუბრება ”ავერსის კლინიკის” ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი თამილა შაიაშვილი.
— ქალბატონო თამილა, მართებულია თუ არა წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ სურდო ერთ კვირაში თავისთავად გაივლის?
— სურდო ბავშვებსა თუ მოზრდილებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ წარმოდგენა, რომ იგი თავისთავად გაივლის, არცთუ ისე მართებულია, მით უმეტეს, თუ პაციენტი მცირე ასაკის ბავშვია, რომელსაც ლორწოვანის ოდნავი შეშუპების შემთხვევაშიც კი ცხვირი ეჭედება და სუნთქვა უჭირს. ცხვირით სუნთქვის დარღვევისას ბავშვი წუხს, ერღვევა ძილი.
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ბავშვებში განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება მიმდებარე სტრუქტურებზე და გადაიზრდება სინუსიტში, ოტიტში (შუა ყურის ანთებაში), ტრაქეიტში, ბრონქიტში და ზოგჯერ პნევმონიაშიც კი. გართულების, ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაში დაავადება საგრძნობ გავლენას ახდენს ბავშვების ფიზიკურ აქტივობაზე, მათ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე. უფრო მოზრდილ ბავშვებში ინფექციების პარალელურად ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტიც, რომლის ფონზე ადვილად იმატებს ბრონქების რეაქტიულობა და ბრონქული ასთმის განვითარების რისკი.
ყოველივე ამასთან ერთად რინიტი ფინანსურადაც ანგარიშგასაწევი დაავადებაა, მაგალითად, აშშ-ში სხვადასხვა ფორმის რინიტით გამოწვეული ხარჯი ყოველწლიურად ორ მილიარდ დოლარს აღწევს.
— რა იწვევს რინიტს?
— რინიტი სამი ტიპისაა: არაალერგიული, ინფექციური და ალერგიული.
არაალერგიული რინიტის ეტიოლოგია მულტიფაქტორულია. ის შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტმა (ალფა-ადრენერგულმა ბლოკატორებმა, დეკონგესტანტებმა, კოკაინმა, ასპირინმა, ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულმა საშუალებებმა), საკვებმა (ალკოჰოლმა, სუნელებმა, წიწაკამ), ჰორმონულმა ცვლილებებმა (ორსულობამ, პუბერტატულმა პერიოდმა, ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ, ჰიპოთირეოზმა, აკრომეგალიამ), სტრუქტურულმა პათოლოგიამ (ცხვირის ძგიდის გამრუდებამ) და სხვა.
ინფექციური რინიტი უმეტესად ვირუსებით არის გამოწვეული. შედარებით იშვიათად გვხვდება ბაქტერიული, სოკოვანი და პროტოზოული წარმოშობის რინიტები. ინფექციური რინიტი გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს ალერგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინფექცია ალერგენის ზემოქმედების პერიოდს დაემთხვა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინფექციურ-ალერგიული ფორმის რინიტთან, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.
ალერგიული რინიტი ცხვირის სიმპტომური დაზიანებაა, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანზე ალერგენის ზემოქმედებით და განპირობებულია IგE-გაშუალებული ანთებითი რეაქციით. ის ხშირად ასოცირებულია თვალისმხრივ სიმპტომებთან. ალერგენებად გვევლინება შენობის შიდა (ოთახის მტვრის ტკიპა, ცხოველთა ბეწვი, ობის სოკოები, მწერები, მათ შორის — ტარაკნები და სხვა) და შენობის გარე (ძირითადად მცენარის მტვრის და სოკოვანი) ალერგენები.
აქვე აღვნიშნავ, რომ ალერგიულ რინიტს, გარდა უხვი, წყლისებური სურდოსი, ახასიათებს ცხვირისა და სასის ქავილი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა და/ან ქავილი, კონიუნქტივიტი. ეს სიმპტომები გრძელდება ორ დღეს ან მეტხანს, უმეტესად — საათზე მეტი ხნის განმავლობაში. რინიტის ფონზე ბავშვებს, როგორც გითხარით, ხშირად უვითარდებათ ცხვირის დანამატი წიაღების ანთება — სინუსიტი, ანუ რინოსინუსიტი. იმისდა მიხედვით, რომელი წიაღია ჩართული პროცესში, განასხვავებენ ფრონტიტს, ჰაიმორიტს, ეთმოიდიტს, სფენოიდიტს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირია ჰაიმორო-ეთმოიდიტი — ჰაიმორის (მდებარეობს ზედა ყბის ძვალში) და ეთმოიდური (მდებარეობს ცხავის ძვალში, კერძოდ, ცხავის ძვლის ლაბირინთის წინა და უკანა უჯრედების სიღრმეში) წიაღების ანთება. მწვავე ბაქტერიულ რინოსინუსიტს წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, რომელიც, სტატისტიკური მონაცემებით, სინუსიტით ასიდან 5 შემთხვევაში რთულდება.
— რისი ბრალია რინიტის სინუსიტით გართულება?
— რინოსინუსიტს იწვევს ცხვირის დანამატი წიაღებიდან ცხვირის ღრუში გამომავალი ბუნებრივი ხვრელის ობსტრუქცია და ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის დარღვევა. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება, იყოს ცხვირის წარმონაქმნების ანატომიური ვარიაბელურობა, ცხვირ-ხახის ადენოიდები (ადენოიდები ლიმფოიდური ქსოვილია, რომლის განვითარება ერთი წლის ასაკიდან იწყება. ის ფარდასავით ეშვება ცხვირ-ხახაში და გარდატეხის ასაკში ინვოლუციას განიცდის. ნიჟარების ჰიპერტროფია), ცხვირის ძგიდის გამრუდება, უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება, ასევე — ყველა ის დაავადება, რომელიც კი ცხვირით სუნთქვის დარღვევას იწვევს, მათ შორის — გაციება, სურდო, გრიპი. როგორც ფილტვებში მიმდინარეობს სუნთქვის პროცესი, ასევეა
აუცილებელი, წიაღებშიც ხდებოდეს ჰაერის სრულყოფილი ცირკულაცია. თუ გზა დაიხშო, უნდა მოხდეს წარმოქმნილი სითხის ევაკუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მწვავე ანთება ქრონიკულში გადაიზრდება. ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ხშირი გაციება, ინფექციები და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – არასწორი მკურნალობა.
სინუსიტი ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც და მოიცავდეს როგორც ერთ, ისე ყველა წიაღს. ბავშვებში, წესისამებრ, ერთდროულად რამდენიმე სინუსის ანთება (პანსინუსიტი) ვითარდება, მონოსინუსიტი (ერთი წიაღის ანთება) ძალზე იშვიათია.
— როგორ ამოვიცნოთ სინუსიტები?
— ბავშვებში სინუსიტების ძირითადი სიმპტომებია თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ცხვირის გაჭედვა, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება. გამონადენი ჩირქოვანია; შესაძლოა ამას დაერთოს ხველაც. ავადმყოფობა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ბავშვი უმადოდაა, სისხლის საერთო ანალიზი ანთების ნიშნებს ავლენს.
ქრონიკული რინოსინუსიტისთვის დამახასიათებელია სახის ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება ინფიცირებული წიაღის მიდამოში, ტკივილის გადაცემა, ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცალი ან ორივე ნესტოდან. ზოგჯერ ამ სიმპტომებს ერთვის ცხელება, ხანგრძლივი ხველა, რინიტი, ყნოსვის გაუარესება. თუმცა ამ ნიშნების არარსებობა დაავადებას არ გამორიცხავს, რადგან არის შემთხვევები, როცა რინოსინუსიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს — სწორედ ამიტომ გვიანდება მკურნალობა.
— ახასიათებს თუ არა რინოსინუსიტებს სეზონურობა?
— ზამთარში და გაზაფხულზე სინუსიტები საგრძნობლად ხშირდება. თუ რუსეთსა და კანადაში დაავადების სიხშირეს მხოლოდ სიცივე განაპირობებს, საქართველოში ამას ანატომიური მიზეზებიც ემატება. დიდ როლს ასრულებს გარემოს დაბინძურებაც.
ცხვირს აქვს ზედა, შუა და ქვედა ნიჟარები. საჭიროების შემთხვევაში მათი ამომფენი გარსი უნდა გაფუვდეს და არ გაატაროს ცივი ჰაერი, ან, პირიქით, მოხდეს სასუნთქი გზების უფრო ძლიერი აირაცია. სწორედ ეს მოტორიკა ირღვევა გარემოს დაბინძურების გამო. დაავადების განვითარებაში ბრალი მიუძღის ალერგიასაც.
საქართველოში ძალიან ხშირად იყენებენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ წვეთებს, რომელთა მოხმარებაც შვიდ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლძარღვთა მოტორიკა დაირღვევა, რაც დაავადების გამწვავებას გამოიწვევს.
— როგორ ადგენენ სინუსიტს?
— ხშირად, განსაკუთრებით — ჩირქოვანი სინუსიტების შემთხვევაში, საკმარისია ცხვირში ჩახედვა (რინოსკოპია) და ავადმყოფის მცირე ანამნეზის მოსმენა, რომ სინუსიტის დიაგნოზი დაისვას. მისი ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ ავადმყოფები უჩივიან ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და ჩვეულებრივი ცხვირის წვეთების უეფექტობას. საჭიროების შემთხვევაში სინუსიტის დიაგნოსტიკისთვის, პირველ რიგში, ტარდება ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია, რომელიც სხვა გამოკვლევებზე გაცილებით იაფია. თუ ეჭვი მაინც დარჩა, კომპიუტერულ ტომოგრაფიას მივმართავთ.
თუ მკურნალობის ერთმა კურსმა შედეგი არ გამოიღო, ტარდება ცხვირიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მგრძნობელობაზე.
— სადამდე შეიძლება მიიყვანოს ბავშვი ქრონიკულმა სურდომ?

— თუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება დიდხანს (რამდენიმე თვეს ან წელიწადს) გაგრძელდა, მოზარდ ორგანიზმს შესაძლოა დიდი ზიანი მიადგეს. კერძოდ, ფერხდება:
•    სახისა და გულმკერდის ფორმირება;
•    ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება;
•    სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობა;
•    ზოგადი ფიზიკური განვითარება.
ბავშვი ადვილად იღლება, ერღვევა ძილი, უუარესდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრირების უნარი, სწავლაში ჩამორჩება. გარდა ამისა, იზრდება ალერგიული დაავადებების განვითარების რისკი, მწვავდება თირკმელების, ბრონქების ქრონიკული დაავადებები. ჩვილს სურდოს დროს მშობელი უსუფთავებს ცხვირს, მოზრდილებს კი საჭიროა ვასწავლოთ ცხვირის სწორად მოწმენდა, უმჯობესია წყლის ქვეშ, ცხვირის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ნესტოზე თითის მიჭერით.
სურდოს ერთ-ერთი გართულება ოტიტია. შუა ყურზე ანთებითი პროცესის გადასვლა ჩვილის ორგანიზმის ანატომიური თავისებურებით აიხსნება: წლამდე ასაკის ბავშვებს სასმენი მილი მოკლე და განიერი აქვთ; მუდმივად მწოლიარე მდგომარეობა, დახველებისა და ცხვირის მოწმენდის ჩვევის უქონლობა ხელს უწყობს გამონადენის ცხვირის ღრუდან ყურში გადასვლას და ანთების განვითარებას. თავდაპირველად აღმოცენდება ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება, ბავშვი წრიალებს, თავს აქნევს, ტირის, აღგზნებულია, უარს ამბობს ჭამაზე, აღებინებს. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე ბავშვი ყელ-ყურის სპეციალისტს აჩვენეთ. უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა დაფის აპკი გასკდეს (ამაზე ჩირქოვანი გამონადენი მიგვანიშნებს). ამ დროს სპეციალისტის ჩარევა გარდაუვალია, თანაც მკურნალობა სტაციონარულ პირობებში უნდა ჩატარდეს.
— რა გართულება შეიძლება მოჰყვეს რინოსინუსიტებს?
— სინუსიტის გართულება მრავალგვარია. ჰაიმორიტისა და ეთმოიდიტის შემთხვევაში ყველაზე ხშირად გვხვდება ორბიტალური (თვალბუდის ირგვლივი) გართულება, რომელიც გამოიხატება თვალის წინ წამოწევით, თვალბუდისა და ლოყის მიდამოს შეშუპებით, ძლიერი ტკივილით და სხვა. ასევე ხშირია ქალასშიდა გართულებები: აბსცესი, მენინგიტი, მაგისტრალური ვენების თრომბოზი და სხვა. ბავშვებში ქალასშიდა გართულებებიდან ორბიტალური აბსცესები გხვდება.
— როგორ მკურნალობენ სურდოს მწვავე და ქრონიკულ ფორმებს?
— რინიტის განკურნებისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად ძალზე მნიშვნელოვანია თავისუფალი სუნთქვა, პატარებს თვითონ არ შეუძლიათ ლორწოსაგან ცხვირის გათავისუფლება, ამიტომ მათ რეგულარულად უნდა უსუფთაოთ ცხვირი. სუნთქვის შესამსუბუქებლად შეიძლება სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების გამოყენება, თუმცა მკაცრად განსაზღვრული დოზირებით და ხანგრძლივობით — 5-7 დღე. ამაზე მეტხანს გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ცხვირის ნიჟარების შეუქცევადი ჰიპერტროფია. ნიჟარების შეფუების გამო ცხვირის შუა სავალებიდან სადაც დანამატი ღრუების ხვრელი იხსნება ლორწოს ევაკუაცია ძნელდება, დრენაჟის შეფერხება კი ანთებით პროცესებს იწვევს. ცხვირის ქვემო ნიჟარების ჰიპერტროფიის შემთხვევაში გარდაუვალია ოპერაცია — ნიჟარების დეზინტეგრაცია, უკიდურეს შემთხვევაში — კონხოტომია.
მსუბუქი სინუსიტის შემთხვევაში საკმარისია ფიზიოთერაპია, სინუსების გამორეცხვა და ადგილობრივი პრეპარატების გამოყენება, ხოლო შედარებით რთულად მიმდინარე და ქრონიკული ფორმების დროს აუცილებელია მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვაც. ცხვირის ღრუს სანაციისათვის უსაფრთხოა და შეიძლება დიდხანს გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი ან ზღვის სტერილური ხსნარის წვეთები და აეროზოლები.
მარი აშუღაშვილი
სამახსოვრო:
დაუკავშირდით ექიმს, თუ:
. გაციება ათ დღეზე მეტია გრძელდება და გაუმჯობესება არ შეინიშნება;
. შვიდი დღის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა;
. ალერგიის სიმპტომები ჩვეულებრივი ანტიალერგიული მკურნალობის შედეგად არ ლაგდება;
. შეინიშნება ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება სახის მიდამოში, მოიმატა ტემპერატურამ.
მარტივი რჩევები სინუსიტის პრევენციისთვის
სინუსიტის განვითარების რისკს ამცირებს:
. ჰაერის დატენიანება, განსაკუთრებით — ზამთარში, როდესაც გამათბობლები სახლში ჰაერს აშრობს. ამისთვის შეგიძლიათ გამათბობელთან დადგათ წყლით სავსე ფართო ჭურჭელი ან სველი ნაჭერი დაკიდოთ. ჰაერის ტენიანობა 45-50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
. ხელების ხშირი ბანა — მართალია, სინუსიტი თავისთავად არ არის გადამდები დაავადება, მაგრამ ის ხშირად ჩვეულებრივი სურდოს გართულებაა. რომ არ გავრცელდეს, ავადმყოფმა რაც შეიძლება ხშირად უნდა იბანოს ხელები.
. იმუნიტეტის გაძლიერება. ეცადეთ, ბავშვს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები მისცეთ.

 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად