ნამდვილად ყური გაწუხებთ?

 
 ყურის ტკივილი, ოტალგია, განიმარტება როგორც ყურიდან მომდინარე დისკომფორტი, რომელიც არღვევს ჩვეულ აქტივობას ან ძილს. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიმპტომი შესაძლოა არაერთი დაავადების მაუწყებელი იყოს. კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ ასიდან 20-მდე შემთხვევაში ყურის ტკივილი მეორეულია, თვით ამ შემთხვევათა ნახევარი კი სტომატოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული.
ოტალგიის შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.
– ყურის ტკივილს, რომელიც თავად ყურის პათოლოგიით არის გამოწვეული, პირველად ოტალგიას ვუწოდებთ. პირველადი ოტალგიის მიზეზს იოლად ვადგენთ ოტოსკოპიით. ეს მიზეზი, წესისამებრ, გარეთა და`ან შუა ოტიტია.
გარეთა ყურის ტკივილით მიმდინარე დაავადებებიდან აღსანიშნავია ყურის ფურუნკული (ძირმაგარა), რომელიც თმის ძირის ინფიცირების შედეგია. ფურუნკულის წარმოშობას ხელს უწყობს კანის დაზიანება, ქავილი, შუა ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი. დაავადება თანდათან ვითარდება. მისი განვითარების კვალობაზე, მტკივნეული ხდება პირის გაღება და ღეჭვა, აგრეთვე ყურის ნიჟარაზე თითის დაჭერა. სმენა ამ დროს, წესისამებრ, ნორმალურია.
– როგორ მკურნალობენ ძირმაგარას?
– თუ ძირმაგარა გარეთა სასმენ მილშია, შეგიძლიათ, მასში 70-გრადუსიანი სპირტით გაჟღენთილი დოლბანდის ფთილა ჩაიდოთ და ყოველ 8-10 საათში იცვალოთ. კარგია ასევე რომელიმე ანტისეპტიკური მალამო, ჰიდროკორტიზონის მალამო, ფიზიოლოგიური ხსნარის კომპრესი. როდესაც ძირმაგარა გასკდება და ჩირქი გამოირწყვება, სასმენ მილში მხოლოდ მშრალი სტერილური ფთილა ჩაიდეთ. თუ მდგომარეობა 1-2 დღეში არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს – შესაძლოა, ანტიბიოტიკოთერაპია დაგჭირდეთ.
გარეთა ყურის დიფუზურ ანთებას სოკო და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს. დაავადება ხშირად ალერგიულ ფონზე ვითარდება, ზოგჯერ შაქრიან დიაბეტს ერთვის. გარეთა ყურის დიფუზური ანთების დროს სასმენი მილი შესივებული და შეწითლებულია. ზოგჯერ მისი ზედაპირი სველდება. ავადმყოფი უჩივის ძლიერ ქავილს და`ან ტკივილს, განსაკუთრებით – ღამღამობით.
გარეთა ოტიტს ხშირად წინ უძღვის ცურვის ეპიზოდი. ამ დროს მტკივნეულია ყურის ნიჟარის შეხება. გარეთა სასმენი მილი შესივებულია, წითელი, აღინიშნება თეთრი გამონადენი.
გარეთა სასმენ მილში უცხო სხეულს უმეტესად ბავშვებში ვხვდებით, შედარებით იშვიათად – მოზრდილებში. ეს სხეული შეიძლება იყოს როგორც მცირე ზომის საგანი, ასევე მწერიც. ნუ ეცდებით უცხო სხეულის ამოღებას – ამას შესაძლოა მისი ღრმად შეჭრა და ყურის დაზიანება მოჰყვეს. თუ გარეთა სასმენ მილში მწერი მოხვდა, ექიმთან მისვლამდე შეგიძლიათ, ყური გრილი წყლით ამოიბანოთ, ზეთი ან სპირტი ჩაიწვეთოთ, რათა მისი მოძრაობა შეიზღუდოს. სპირტის ჩაწვეთება ასევე შეგიძლიათ ყურში მარცვლეულის (ლობიოს, სიმინდის) ჩაჭედვისას – ეს ხელს შეუშლის მარცვლის გაფუებას.
ზოგჯერ ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციის გამო გარეთა სასმენ მილში გროვდება გოგირდოვანი მასა და ჩნდება საცობი. საკმარისია ცოტაოდენი წყლის მოხვედრა, მაგალითად, ბანაობის დროს, რომ გოგირდის საცობი გაფუვდეს და მთლიანად დაახშოს გარეთა სასმენი მილი. ეს, ბუნებრივია, სმენის დაქვეითებას იწვევს. საცობი შეიძლება დააწვეს დაფის აპკს, გამოიწვიოს ტკივილი, ყურის შუილი, ხველა, თავბრუხვევა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან დამოუკიდებლად საცობის ამორეცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო მეტიც – შესაძლოა დაიზიანოთ დაფის აპკი. ყურის გამორეცხვის შემდეგ ყოველგვარი დისკომფორტი ქრება.
– შესაძლოა თუ არა, საცობი ყურის არასწორი წმენდის გამო წარმოიშვას?
– დიახ, შესაძლოა. ყურების ღრმად და ხშირად წმენდა არ არის რეკომენდებული, რადგან, ერთი მხრივ, გოგირდის ჯირკვლები ღიზიანდება და ჭარბად გამოიმუშავებს გოგირდს, ხოლო მეორე მხრივ, ნაცვლად იმისა, რომ ყურები გავისუფთაოთ, გოგირდოვანი მასა კიდევ უფრო ღრმად შეგვაქვს გარეთა სასმენ მილში. ამასთან, გოგირდი გარეთა სასმენი მილის კანს ინფექციისგან იცავს, ამიტომ ყურის მხოლოდ ის ნაწილი უნდა გამოვიწმინდოთ, რაც თვალით ჩანს.
– როდის შეიძლება, ყურის ტკივილს სმენის დაქვეითება მოჰყვეს?
– ყურის ტკივილი, რომელსაც სმენის დაქვეითება სდევს თან, უმეტესად შუა ყურის ანთების დროს ვითარდება. ტკივილის მიზეზი შუა ყურში წარმოქმნილი მაღალი წნევაა. ანთების გამო დაგროვილი სითხე – ექსუდატი ან ტრანსუდატი – მკურნალობის შედეგად სავსებით გაიწოვება. თუ ის მთლიანად არ გაიწოვა, შუა ყურში განვითარდება ცვლილებები, რომლებმაც შემდგომ შესაძლოა სმენის შეუქცევადი დაქვეითება – ადჰეზიური ოტიტი გამოიწვიოს.
შუა ყურის ანთებას, შუა ოტიტს, იწვევს ყურის არხის – ევსტაქის მილის (ცხვირ-ხახის შუა ყურთან დამაკავშირებელი ორგანოს) – და შუა ყურის ინფექცია. სასუნთქი გზების ინფექციების დროს ცხვირის ლორწოვანი გარსი შუპდება, რაც ართულებს ცხვირიდან გამონადენის გამოსვლას და ნესტოების ბუნებრივ გასუფთავებას. ამის შედეგად დაგროვილი სითხე და ინფექცია ადვილად ხვდება შუა ყურში.
შუა ყურის ანთებას, წესისამებრ, წინ უძღვის ცხვირით სუნთქვის გაძნელება – როგორც მწვავე (სურდო), ასევე ქრონიკული (ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის პოლიპოზი, ადენოიდური ვეგეტაციები და სხვა).
შუა ყურის ანთება განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში, რადგან ბავშვის ევსტაქის მილი ფართო და მოკლეა – სურდოს, ხველის, ღებინების, ცხვირის მოწმენდის დროს ინფექცია ადვილად იჭრება შუა ყურში.
ჩვილ ბავშვებში ინფექციის კიდევ ერთი წყაროა გადაცდენილი საკვები, რომელიც ევსტაქის მილის გავლით შესაძლოა შუა ყურში მოხვდეს. ასე რომ არ მოხდეს, ბავშვი – ბოთლით თუ ძუძუთი – მწოლიარე არ უნდა კვებოთ.
ყურის ტკივილის დროს ბავშვი აღგზნებულია, უჭირს წოვა და ყლაპვა, ტირის. პატარა ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამბობს, რა აწუხებს, ამ დროს ხშირად მიაქვს ხელი ყურთან; შესაძლოა გაუწითლდეს გარეთა სასმენი ხვრელი, მის საზღვართან ხელის მიჭერისას კი ტირილს იწყებს.
ყურის ტკივილსა და სმენის დაქვეითებას თან სდევს გაღიზიანება, ზოგჯერ – გამონადენიც, რომელიც ჩნდება დაფის აპკის პერფორაციის (დარღვევის) შემდგომ.
– როგორ მოვიქცეთ მწვავე ოტიტის სიმპტომების არსებობისას?
– აი, რამდენიმე ზოგადი წესი:
. თუ აგიწიათ სიცხემ ან ტკივილი ძალზე შემაწუხებელია, მიიღეთ სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი (აცეტემინოფენი, იბუპროფენი, პარაცეტამოლი);
. ყური შეიხვიეთ თბილად;
. თუ ყურიდან გამონადენი არ გაქვთ, ჩაიწვეთეთ ტკივილგამაყუჩებელი წვეთები (ბენზოკაინი);
. აუცილებელია ცხვირით თავისუფალი სუნთქვის უზრუნველყოფა (შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ ცხვირის წვეთები, დეკონგესტანტები).
– როდის მივმართოთ ექიმს?
– ყურის ტკივილი იმდენად შემაწუხებელია, რომ ექიმთან წასვლას დიდი ხნით ნამდვილად ვერ გადადებთ. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ძლიერი ტკივილის შემდეგომ ჩნდება გამონადენი და ტკივილი ქრება. ეს ნიშნავს, რომ შუა ყურში მაღალი წნევის გამო დაფის აპკის მთლიანობა დაირღვა. ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ყურის წვეთების ხმარება და მიმართოთ ექიმს, რათა დროული და შესაბამისი მკურნალობით დაფის აპკი შეხორცდეს და თავიდან ავიცილოთ შუა ყურის ქრონიკული ანთების ჩამოყალიბება, სმენაჩლუნგობა, რომელიც არცთუ იშვიათია, და ტვინისა და მისი გარსების ანთება, რომელიც ასევე არ არის გამორიცხული შუა ყურის ანთების დროს.
მწვავე შუა ოტიტის დროს ტკივილი თავისთავად გაივლის, ამიტომ დროს ტკივილის შესამცირებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უსაფრთხო და ეფექტური გამაყუჩებლის მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპია. ეს უკანასკნელი ინიშნება, თუ ანალგეზიური თერაპიის ფონზე 48-72 საათში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ხოლო თუ არც ანტიბიოტიკის ფონზე იკლო ტკივილმა და არც ტემპერატურამ დაიწია, ექიმი გაკვეთს დაფის აპკს და ჩირქს გამოუშვებს.
ხშირად მორეციდივე მწვავე ოტიტის მკურნალობა გულისხმობს ცხვირით სუნთქვის აღდგენას როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდებით.
რაც შეეხება პროფილაქტიკას, შუა ოტიტის თავიდან ასაცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ ცხვირით სუნთქვა. სურდოს დროს ცხვირის წვეთების გამოყენება ყურისმხრივი გართულებების ერთგვარი პროფილაქტიკაა. თუ სურდო ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ჯობია მიმართოთ ექიმს, რათა მკურნალობა უფრო ეფექტური იყოს. გაითვალისწინეთ, რომ დეკონგესტანტების ხანგრძლივი გამოყენება არღვევს ცხვირის ნიჟარების სისხლძარღვთა მოტორიკას.
შუა ყურის ანთება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბაროტრავმამ, რომელიც ხშირია ატმოსფერული წნევის უეცარი ცვლილების: თვითმფრინავით მგზავრობის (მოზრდილთა 10%-სა და ბავშვთა 22%-ს ტკივილი თვითმფრინავის დაშვებისას ეწყება) ან ყვინთვის – დროს. ბავშვებში ყურის ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს მთიდან დაშვებამ. ამ დროს საჭიროა პირის მოკუმვა, ცხვირის ნესტოებზე ხელის მიჭერა, რათა გარედან ჰაერი არ შევიდეს, და ნერწყვის გადაყლაპვა. პატარებისთვის გამოდგება სპეციალური საღეჭი ან საწოვარიანი ბოთლი.
დაფის აპკის გახეთქვას ხშირად იწვევს მექანიკური დაზიანებაც. მისი ნიშნებია სმენის დაქვეითება, ყურის ტკივილი, მცირედი სისხლიანი გამონადენი. დაფის აპკის მთლიანობა უმეტესად რამდენიმე დღეში აღდგება. ამ დროს ყურში რაიმე წამლის ჩაწვეთება არ შეიძლება. გარეთა სასმენ მილში უნდა ჩაიდოთ სტერილური დოლბანდის ფთილა და მიმართოთ ექიმ სპეციალისტს.
ყურების ტკივილისა და შეშუპების მიზეზად შეიძლება იქცეს იაფი მეტალისგან (ნიკელისგან, ქრომისგან) დამზადებული საყურე – მან შესაძლოა გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი, რომელიც ზოგჯერ ინფექციით რთულდება.
– რა არის მეორეული ოტალგია?
– ყურის ტკივილს, რომელიც ყურის დაავადებით არ არის გამოწვეული, მეორეულ ოტალგიას უწოდებენ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა პათოლოგია: ქვედა ყბის სახსრის ანთება, კბილის ტკივილი, სტენოკარდია... მეორეული ოტალგიის დროს ოტოსკოპია პათოლოგიას არ ავლენს.
მეორეული ოტალგიის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვა, არაყურისმხრივ სიმპტომებს: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომის დროს საუბარს ან ღეჭვას თან ახლავს ტკივილი ან კრეპიტაცია (მსუბუქი ხმიანობა), სახსარი დაჭიმულია, ნიკაპის მოძრაობისას ისმის ღრჭიალი ან ტკაცუნი, ზოგიერთ პაციენტს შეზღუდული აქვს  ქვედა ყბის მოძრაობა.
ყურის ტკივილს იწვევს დენტალური დაავადებებიც, უმთავრესად – კარიესი, პერიოდონტული აბსცესი, შედარებით იშვიათად – პულპიტი. ამ დაავადებების შესამჩნევად პირის ღრუს დათვალიერებაც კმარა.
ფარინგიტის ან ტონზილიტის დროს შეინიშნება ყელის სიწითლე, შეშუპება, ტკივილი. შესაძლოა, ინფექცია ყურზე არც გავრცელდეს, მაგრამ ოტალგია ყელის ანთებითი პროცესის პირველი სიმპტომი იყოს.
ხერხემლის ცერვიკალური (კისრის) ნაწილის ართრიტის შესაძლო სიმპტომებია ტკივილი ან კრეპიტაცია კისრის მოძრაობისას, კისრის მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, ხერხემლის მორჩებისა და ხერხემლის გასწვრივი კუნთების დაჭიმულობა.
ყელ-ყურ-ცხვირისა და მიმდებარე მიდამოს სიმსივნეს შესაძლოა თან ახლდეს ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, წონის კლება. გასათვალისწინებელია თამბაქოს, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ასაკი 50 წლის ზემოთ, ანამნეზში რადიაციის ზემოქმედება.

სამწვერა, ენა-ხახისა და სხვა ნერვთა ნევრალგიების შემთხვევაში ტკივილი ხანმოკლეა, ძლიერი, გამჭოლი, ელექტროშოკის მაგვარი, ეპიზოდური.
ყურის ტკივილი მრავალ სხვა მიზეზსაც უკავშირდება, მათ შორის – პირის ღრუს აფთოზურ წყლულებს, კისრის ლიმფადენოპათიას, სინუსიტს, სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიებს, სტენოკარდიას... როდესაც ტკივილის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ყურის იდიოპათიურ ტკივილზე საუბრობენ.
– როგორ ადგენთ, ოტალგია პირველადია თუ მეორეული?
– თუ ყურის ტკივილის მიზეზი მართლაც ყურია, ამის დადგენა იოლია: ჯერ ყურსა და მის ირგვლივ მდებარე მიდამოს ვათვალიერებთ, შემდეგ ვატარებთ ოტოსკოპიას, რისთვისაც შესაძლოა საჭირო გახდეს გოგირდის საცობის ამოღება. ვიკვლევთ ორივე ყურს, ჯერ – ჯანმრთელს (ან ნაკლებად მტკივანს), მერე – მტკივანს. ვათვალიერებთ ნიჟარასა და ყურის უკანა მიდამოსაც. გამოცდილი ექიმის მიერ ჩატარებული ოტოსკოპია ძალზე სპეციფიკურია, ანუ ძალზე მნიშვნელოვან  ინფორმაციას გვაწვდის. გამონადენის არსებობისას ზოგჯერ ტარდება ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც.
თუ ყურის დათვალიერებით პათოლოგია ვერ აღმოვაჩინეთ, ვამოწმებთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს პირის მოკუმვისა და გაღების დროს, ვათვალიერებთ ცხვირს, პირ-ხახას და სიმპტომების კვალობაზე პაციენტს ვურჩევთ, შესაბამისი დარგის სპეციალისტს მიმართოს.
მნიშვნელოვანი სიმპტომები, რომლებიც ყურის ტკივილის დროს ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება:
. ტკივილის ლოკალიზაცია. ეცადეთ, ექიმს ზუსტად მიანიშნოთ მტკივანი ადგილი, უმჯობესია, თითით.
. დაუკვირდით, საით გადაეცემა ტკივილი.
. რა სიმძლავრისაა ტკივილი, თუმცა ტკივილის ინტენსივობამ არ შეგაშინოთ – სიმსივნით გამოწვეული ტკივილი შესაძლოა სუსტი იყოს, კარიესით ან შუა ყურის ანთებით გამოწვეული კი – ძლიერი.
. რა აძლიერებს ტკივილს (მაგალითად, ღეჭვა).
. კიდევ რას უჩივით, როგორც ყურის, ისე სხვა ორგანოთა თუ სისტემათა მხრივ. ყურისმიერი თანაარსებული სიმპტომებია: გამონადენი ყურიდან, ყურების შუილი, სმენის დაქვეითება, თავბრუხვევა.
. კიბოს რისკფაქტორები: 50 წელზე უფროსი ასაკი, თამბაქოს ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვა.
მარი აშუღაშვილი

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად