ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ქირურგია >>ჟურნალი "ავერსი" N77
ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მეთოდები
“ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში, ”ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში გაიხსნა ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი, სადაც ტარდება კომპლექსური დიაგნოსტიკა, ყველა  აუცილებელი ანალიზი და კვალიფიციური ექიმების ჯგუფი თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად ადგენს.
გვესაუბრა “ავერსის კლინიკის” ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასოცირებული პროფესორი კობა სახეჩიძე:

– პაციენტს, რომელიც ჩვენს ცენტრს მომართავს უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა, დაავადების ანამნეზის დეტალურად შესწავლა და კონსულტაცია, შედეგებზე კი ექიმთა ჯგუფი მსჯელობს – იკრიბება კონსილიუმი, რომელსაც ესწრებიან ცენტრის ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, კანისა და ვენერულ სნეულებათა სპეციალისტები და ასკვნიან, სახელდობრ რომელ სპეციალისტთან ვურჩიოთ პაციენტს მისვლა, თუკი მომატებული ოფლიანობა მათ კომპეტენციაში შედის. მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად პაციენტთან გასაუბრებისა და სტანდარტული ანალიზების ჩაბარების შემდეგ, თავად ვუკავშირდებით და ვაცნობთ ექიმების დასკვნას.
თუ მომატებული ოფლიანობა რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ საოფლე ჯირკვლების აქტიური მუშაობით არის გამოწვეული, მივმართავთ მეთოდებს, რომლებიც მსოფლიოში უკვე ფართოდ არის დანერგილი.
– სახელდობრ, რა მეთოდებია ეს?
– მსოფლიოში დანერგილია ჭარბოფლიანობის მკურნალობის ოთხი მეთოდი.
პირველი მათგანი გახლავთ პრეპარატებით მკურნალობა – ინსულინის პატარა ნემსით სხეულის სხვადასხვა უბანში (ხელისგულები, ფეხისგულები და იღლიის ფოსოები) შეგვყავს პრეპარატი – ბოტოქსი ან დისპორტი, რომლებიც სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას იწვევს. შედეგის მიღწევის შემთხვევაში ეფექტი ექვსიდან-თორმეტ თვემდე გრძელდება.
კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდია იონოფორეზი (ელექტროფორეზი), რომელიც ხელისგულებსა და  ფეხისგულებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ამ პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია სპეციალური აპარატი, რომელიც პრეპარატის ხელისგულებსა და ფეხისგულებზე მოქმედებას უწყობს ხელს. პაციენტი 20-40 წუთის განმავლობაში იღებს პრობლემური კიდურების აბაზანას და სულ რაღაც ათიოდე პროცედურის შემდეგ ნერვული დაბოლოებების ინაქტივაცია ხდება.
თუ ჰიპერჰიდროზი იღლიის არეშია, რეკომენდებულია ე.წ. კიურეტაჟის გაკეთება, რაც ქირურგიული ჩარევის შედეგად საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევას გულისხმობს. ამ პროცედურის შედეგიც დროებითია, მაგრამ შედარებით უფრო ხანგრძლივი, ვინაიდან სადინარები დროთა განმავლობაში თანდათან აღდგება.
დღესდღეობით ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალურ მეთოდად მიიჩნევა თორაკოსკოპიული სიმპატექტომია, რაც ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. გულმკერდზე საოპერაციო მხარეს კეთდება ორი მცირე – ხუთ და ათმილიმეტრიანი – განაკვეთი, სპეციალური კამერის - “თოროკოსკოპის” საშუალებით ოპერაციის მსვლელობას ეკრანზე ვაკვირდებით. ხდება სიმპათიკური ნერვული ღეროს მეორე და მესამე ნეკნის დონეზე გადაკვეთა ან კლიფსის დადება. შემდეგ ხდება გულმკერდის ღრუს დრენირება და ოპერაცია ამით მთავრდება.
კლიფსის დადების უპირატესობაა ის, რომ ოპერაციის შემდეგ ხდება დაცვითი მექანიზმის ჩართვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვა ადგილებში ოფლიანობის მომატება და პაციენტის სურვილის შემთხვევაში კლიფსის მოხსნა გამოიწვევს ოპერაციის წინა მდგომარეობის აღდგენას, თუმცა ესეთი შემთხვევები მინიმალურია.
ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება. პაციენტი სტაციონარში ერთი დღე რჩება, მეორე დღეს უტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, ხდება დრენაჟის მოცილება და პაციენტის გაწერა სტაციონარიდან. რაც მთავარია, თორაკოსკოპიული სიმპათექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი რეზულტატი 95-98%-ია.
აი, ამ ოთხი მეთოდით ხდება დღეს მსოფლიოში ჰიპერჰიდროზის მკურნალობა და “ავერსის კლინიკაში” პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ყველა სახის კვლევა, კონსულტაცია და მკურნალობა, რაც აღნიშნულ პათოლოგიას შეეხება.
არჩევანს, რა თქმა უნდა, პაციენტი აკეთებს – ის თავად ირჩევს მკურნალობის მეთოდს, თუმცა მანამდე პაციენტი იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდების შესახებ.

“ავერსის კლინიკის” ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ცენტრი იმითაც არის უნიკალური, რომ თორაკოსკოპიული სიმპათექტომიის არჩევის შემთხვევაში პაციენტებს აქვე სთავაზობენ კომპლექსურ წინასაოპერაციო გამოკვლევას. მათ უტარდებათ ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, თერაპევტისა და ანესთეზიოლოგის კონსულტაცია, ასე რომ, ჰიპერჰიდროზით დაავადებულ ადამიანს აქ სრული სამედიცინო სერვისის მიღების საშუალება აქვს.

 
 
სიახლეები
“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად