რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ


    მოდი, შევთანხმდეთ, რომ შაქარი ერთობ კალორიული რამაა – 100 გრამი 379 კალორიას შეიცავს. ციფრები არაფრის მთქმელია? მაშინ შევეცდებით, სხვაგვარად აგიხსნათ: შაქრის ერთი ნატეხით მიღებული კალორიების დასაწვავად ველოტრენაჟორზე 10-15 წუთი მაინც მოგიხდებათ ვარჯიში.
  შაქრის შემცვლელი უამრავია, თუმცა “ნამდვილ” შაქარს კალორიულობით მხოლოდ ზოგიერთი თუ ჩამოუვარდება. მაგალითად, 100 გ ქსილიტი 367 კალორიას შეიცავს, სორბიტი და ფრუქტოზა – 354-ს შეიცავს. აი, ციკლამატში კი მხოლოდ 100 კალორიაა. კიდევ უფრო ეფექტურია საქარინი და ასპარტამი, რომლებიც კალორიებს, ფაქტობრივად არ შეიცავს.
   ამრიგად, კონკურსში “უკალორიო შაქარი” ფინალისტები უკვე გამოვავლინეთ. ახლა მათ შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება.
   კარგი დამატკბობლის არჩევა არც ისე ადვილია. შენაძენი რომ გამოგადგეთ და არც მარკეტის  გამყიდველს მოაბეზროთ შეკითხვებით თავი, თავად გაარკვიეთ, რომელი “შაქარი” შეგეფერებათ.
   პოპულარობის ზენიტში საქარინია, რომელიც, თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ჩვეულებრივ შაქარზე 450-ჯერ ტკბილია. მეტისმეტი რომ არ მოგივიდეთ, დიეტოლოგების რჩევისამებრ, დღეში კილოგრამ მასაზე 5 მგ საქარინი მიიღეთ. ამის კვალობაზე, თუ 60 კგ-ს იწონით, თქვენი სადღეღამისო ნორმა 300 მგ იქნება. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიც არ უნდა ითვალოთ მისაღები საქარინის ოდენობა, რამდენიმე ათეული მილიგრამი მაინც გამოგრჩებათ. საქმე ის არის, რომ უამრავი საკონდიტრო ნაწარმი: ნაყინი, კრემები, ჟელატინიანი ტკბილეული – საქარინით არის მომზადებული, თუმცა ეტიკეტზე მისი სახელის პოვნას ამაოდ შეეცდებით – შაქრის ეს ტკბილზე ტკბილი შემცვლელი კოდის E 954-ის სახით არის წარმოდგენილი.
   საქარინის შემცველი დამატკბობლებიდან ყველაზე პოპულარულია სუკრაზიტი და სუკრადაიეტი. ორივეს შესანიშნავი გემო აქვს, თუმცა ჭარბად მათ გამოყენებას არ გირჩევთ – ჩაისა თუ ყავას გემოს შეუცვლის.
   ახლა ასპარტამზეც ვთქვათ ორიოდე ტკბილი სიტყვა. ის საქარინს პოპულარობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ასპარტამი შესანიშნავად იხსნება წყალში, ის განსაკუთრებით შეიყვარეს გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებმა. თუკი “პეპსის” ან “კოლას” light აწერია, ხოლო ეტიკეტის ქვედა კუთხეში 0 კალორიაა მითითებული, ეს იმის მაუწყებელია, რომ სასმელი ტკბილ გემოს ასპარტამს უნდა უმადლოდეს, თუმცა, საქარინის არ იყოს, ინგრედიენტებს შორის, შესაძლოა, ვერც ასპარტამი აღმოაჩინოთ. ის E 951 კოდური ნომრით გახლავთ შენიღბული. საეჭვოა, დოზის განსაზღვრა შეძლოთ, მაგრამ დიეტოლოგებმა თავი მაინც დაიზღვიეს და გაგვაფრთხილეს, რომ დღე-ღამეში კილოგრამ წონაზე მხოლოდ 30 მგ ასპარტამი მივიღოთ.
   კალორიული, მაგრამ სასარგებლო – ასე შეიძლება ვუწოდოთ ფრუქტოზას, რომელსაც ასევე ფართოდ იყენებენ შაქრის ნაცვლად. ალბათ ხვდებით, რომ ამას წონის დაკლების მიზნით არ სჩადიან. მას უმთავრესად დიაბეტით დაავადებულები იყენებენ. ეს იმიტომ, რომ ფრუქტოზის ასათვისებლად ინსულინი საჭირო არ არის. გარდა ამისა, იგი მთელი 20-30%-ით ამცირებს კარიესის და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების რისკს. დაბოლოს, ფრუქტოზა იდეალური დამატკბობელია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც შაქრის აუტანლობა აწუხებთ, ამიტომ ამ ნივთიერებას ინტენსიურად იყენებენ ბავშვთა კვებაში. ასპარტამზე კი იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. მართალია, ის სრულიად უკალორიოა, მაგრამ მცირე (დაახლოებით 4 წლამდე) ასაკის ბავშვთა კვებაში მისი გამოყენება არამც და არამც არ შეიძლება. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ბავშვები ტკბილ გაზიან სასმელებს უნდა მოვარიდოთ, ისიც არის, რომ ისინი მოზარდი ორგანიზმისთვის არცთუ უვნებელ ასპარტამს შეიცავს.

 
 
სიახლეები
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად