ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გულ-სისხლძარღვთა დაავადებები >>ჟურნალი N74
გულის ტკივილის მიზეზები

კონსულტანტი
ნათია სვანიძე
აკადემიური დოქტორი მედიცინაში
თერაპევტი, ოჯახის ექიმი
“ავერსის კლინიკა”
ერთი კარგი პოეტი ამტკიცებდა, გული, სანამ ამ ამაყ სახელს ატარებს, უნდა გვტკიოდესო. გადატანითი მნიშვნელობით ამაში შესაძლოა იყოს სიმართლის  მარცვალი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, მადლობა ღმერთს, ასე არ არის, და როცა ასეა, მაშინაც ყოველთვის არ გახლავთ გულის ბრალი. მიუხედავად ამისა, გულის ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული და საყურადღებო სამედიცინო სიმპტომია. სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ამ ჩივილით ექიმს წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი პაციენტი მიმართავს. მათგან 2 მილიონს სტაციონარში ათავსებენ და მათ სამკურნალოდ საშუალოდ 8 მილიარდი დოლარი იხარჯება.
მოდი, გულის არეში ტკივილის მიზეზები ერთად მიმოვიხილოთ.

გულშიმშილობა
ყველაზე საყურადღებო გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების დაავადება და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ჩამოყალიბების საფრთხეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში პათოლოგიას გულის იშემიის (სტენოკარდიის) სახელითაც იხსენიებენ. იშემიას ამა თუ იმ უბანში სისხლმომარაგების შეფერხებას ვუწოდებთ, "სტენოს" ბერძნულად ვიწროს ნიშნავს, სტენოკარდია კი გულის არეში მწვავე ტკივილის შეტევას გულისხმობს. საქმე ის არის, რომ გულის კუნთს მასში გამავალი სისხლი კი არ კვებავს, გულიდან გამომავალ ყველაზე დიდ სისხლძარღვს, აორტას, გამოეყოფა სპეციალური ტოტი, რომელიც კვლავ გულისკენ მიემართება, თვითონაც იტოტება და გულის სისქეში შედის. გულის მკვებავ არტერიებს კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიები ეწოდება. ამ სისხლძარღვების სანათურის ნაწილობრივი ან სრული დახშობა გულის განსაზღვრულ უბანში სისხლის მიწოდებას აფერხებს, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების დეფიციტი კი სხვა ცვლილებებთან ერთად ტკივილსაც იწვევს. თუ სისხლის მიწოდების მაღალი ხარისხით შეფერხება დიდხანს გაგრძელდა ან სისხლძარღვი თავიდანვე მთლიანად დაიხშო, შესაძლოა, გულის კუნთის შესაბამისი უბნის კვდომა – ინფარქტიც განვითარდეს. ტკივილი ამ დროს უფრო ძლიერია.
იშემიური ხასიათის ტკივილის ამოცნობაში სხვადასხვა ფაქტორი გვეხმარება. თუ ტკივილი აღმოცენდა ფიზიკური ან ფსიქიკური დაძაბვის ფონზე, ლოკალიზებულია მკერდის ძვლის არეში (ცენტრალურად), გადაეცემა ბეჭის, კისრის, მკლავის, ყბის არეში, საფიქრებელია სტენოკარდიის არსებობა. არატიპურ შემთხვევაში ტკივილი კუჭის არეში აღმოცენდება და ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტენოკარდია კუჭის წყლულად მიუჩნევიათ. სტენოკარდიას ხშირად თან ახლავს ზოგადი ნიშნებიც: ჰაერის უკმარისობა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, შფოთვა, გულისრევა და სხვა. მდგომარეობას ამსუბუქებს მოსვენება, ნიტროგლიცერინის აბი.
ნიტროგლიცერინი აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს გულის დატვირთვას და ჟანგბადზე მის მოთხოვნილებას, უშუალოდ აფართოებს გვირგვინოვანი არტერიების სანათურსაც. ასე რომ, მის მიღებას ერთგვარი სამკურნალო მნიშვნელობაც აქვს და დიაგნოსტიკაშიც გვეხმარება. იმავეს ვერ ვიტყვით ვალიდოლზე – მასში შემავალი მენთოლი ენის ქვეშ არსებულ სიცივეზე მგრძნობიარე რეცეპტორებს აღიზიანებს და სისხლძარღვების გაფართოებაც რეფლექსურად ხდება, ამიტომ ამ წამლით მოხსნილ ტკივილს შესაძლოა გულის კუნთთან კავშირი არც ჰქონდეს. მეორე მხრივ, ვერც მხოლოდ ნიტროგლიცერინის აბის დადებითი ეფექტის საფუძველზე გამოვიტანთ უტყუარ დასკვნას.
ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს გულის სხვა დაავადებებმაც: მანკმა (სარქვლოვანი დაზიანებები), კუნთოვანი გარსის ანთებამ – მიოკარდიტმა, გარეთა გარსის ანთებამ – პერიკარდიტმა, გულის კუნთის დისტროფიულმა დაავადებებმა (კარდიომიოპათიები), მსხვილი სისხლძარღვების (ძირითადად აორტის) დაზიანებებმა და სხვა.

ზედაპირული საკითხი
გულის კუნთის  ინფარქტი და სტენოკარდია გულის არეში ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მიზეზია, თუმცა ცნობილია, რომ ის შემთხვევათა მხოლოდ მესამედში გვხვდება. მარტივად რომ ვთქვათ, გულის არეში ტკივილის დროს ათიდან მხოლოდ 3 კაცს აღმოაჩნდება გულის ამა თუ იმ ხარისხის  დაზიანება. გულმკერდში გულთან ახლოს ხომ ბევრი ორგანოა; თითოეული მათგანის ამა თუ იმ სახის დაზიანებამ ასევე შეიძლება ტკივილის შეგრძნება გამოიწვიოს. შედარებით ხშირია კანისა და კუნთოვანი ქსოვილის დაავადებები, მათ არც ძვალსახსროვანი სისტემა ჩამოუვარდება, მეტადრე – როცა ლაპარაკია ხერხემლის გულმკერდის მიდამოს მალებისა და მათ შორის გამომავალი ნერვების დაზიანებაზე, და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის გულის უშუალო დაზიანებით გამოწვეული დაავადებები.
კანის დაავადებებიდან ტკივილს უმეტესად ნერვის ჰერპესული (ვირუსული) ანთება იწვევს. მას ჰერპეს ზოსტერს (Herpes Zoster) უწოდებენ და ნერვის (უმეტესად – ნეკნთაშუა ნერვის) გასწვრივ ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს.
დაბოლოს, ტკივილი შეიძლება ფსიქოგენური ხასიათისაც იყოს და ძლიერი ფსიქოემოციური დატვირთვის ფონზე განვითარდეს.

გულისკენ სავალ გზაზე
ვერ გეტყვით, მართლა კუჭზე გადის თუ არა მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, მაგრამ გულის ტკივილის მიზეზი, განურჩევლად სქესისა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაც შეიძლება იყოს. გულის არეში ტკივილს ყველაზე ხშირად საყლაპავის პათოლოგიები (მაგალითად, დიაფრაგმის საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი) იწვევს. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ საყლაპავის სპაზმი (მტკივნეული შეკუმშვა), თვითგახეთქვა, რეფლუქსური დაავადება, როდესაც კუჭიდან მჟავე შიგთავსი საყლაპავში აიტყორცნება და წვისა და ტკივილის შეგრძნებას გვგვრის.
შედარებით საყურადღებო დაავადებებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის (ანუ კუჭუკანა ჯირკვლის) ანთება გამწვავების ფაზაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ტკივილის კავშირი არასწორ კვებასთან.

სუნთქვაშეკრული
გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი სასუნთქი სისტემის დაავადებაც შეიძლება იყოს. მართლაც, გულმკერდის ღრუში უდიდესი ადგილი ფილტვებს უკავია. მათ გარედან პლევრის ორი ფურცელი ფარავს. პლევრის ფურცლები ერთმანეთზე  თავისუფლად სრიალებენ და ამით ხახუნის გარეშე აადვილებენ ფილტვის მუშაობას, ანუ ჩასუნთქვისას ფილტვის გაფართოებას, ხოლო ამოსუნთქვისას – შეკუმშვას.
პლევრის სხვადასხვა წარმოშობის ანთებითი დაავადების დროს ხშირია ტკივილი.  განსაკუთრებით საშიშია, როდესაც პლევრა ამოივსება ჰაერით ან სითხით და ფილტვის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის.
უშუალოდ ფილტვის ქსოვილში ნერვული დაბოლოებები არ არის, ამიტომ ფილტვმა ტკივილი არ იცის, მაგრამ თუ ანთებითი პროცესი მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებზე გავრცელდა, ტკივილი მაინც აღმოცენდება. განსაკუთრებით საშიშია ფილტვის არტერიის ტოტების თრომბული მასებით დახშობა ანუ მწვავე თრომბოემბოლია. ამ დროს მოსალოდნელია ფილტვის შესაბამისი უბნის ინფარქტი. დიახ, ინფარქტი მარტო გულის კუნთისა არ არის – როგორც ხედავთ, ფილტვსაც შეიძლება განუვითარდეს.
გულის არეში სასუნთქი სისტემის დაავადებებით განპირობებულ ტკივილს თან ახლავს, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ზოგჯერ თითქოს ადამიანი ჰაერს ყლაპავსო. ხშირად ვითარდება ხველა – ნახველიანი ან მშრალი, ზოგჯერ – სისხლის მინარევით და სხვა.
თრომბოემბოლიის გამოსარიცხად აუცილებელია ვიცოდეთ, რა დაავადება ან სამედიცინო ჩარევა გადაიტანა პაციენტმა. მაგალითად, მნიშვნელოვანია ახალჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, მოტეხილობა, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზული გაგანიერება და სხვა.

როგორ გავარჩიოთ
ტკივილის მიზეზი მისი ხასიათითაც შეიძლება ვივარაუდოთ. მაგალითად, თუ გულმკერდის არეში ხელით ზეწოლისას ვპოულობთ მტკივნეულ ადგილს და ეს ტკივილი მოძრაობასთან კავშირშია, მაშინ გულმკერდის კუნთების რომელიმე ჯგუფის დაზიანებასთან გვქონია საქმე. დამეთანხმებით, რომ გარედან ხელის დადებით გულს ვერ მივწვდებით – ის საკმაოდ კარგად არის დაცული ნეკნებისა და კუნთების ჯავშნით.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს, ანუ რას დაუკავშირდა და როგორ განვითარდა ტკივილი. თუ ადამიანმა შეასრულა (ნებით ან უნებლიეთ) უხერხული მოძრაობა, ასწია მძიმე საგანი ან მოუწია გამჭოლ ქარში დგომა, საფიქრებელია სწორედ კუნთის გაციება (მიოზიტი), ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე ნერვის გაღიზიანება ან ხერხემლის გულმკერდის მალათაშუა დისკოს წანაცვლება (დისკოგენური რადიკულოპათია).
თუ პაციენტმა გულმკერდის ტრავმა მიიღო, ამ დროს, ნეკნის მოტეხილობასთან ერთად, არ უნდა გამოგვეპაროს უფრო მნიშვნელოვანი რამ – ფილტვის მფარავი პლევრის დაზიანება, როდესაც მასში ჰაერი შედის და უფრო და უფრო მეტად აძნელებს სუნთქვას. დაჭიმული პნევმოთორაქსი (პლევრის ფურცლებში ჰაერის მოხვედრა, როდესაც ფილტვი ვეღარ იშლება და შესუნთქვისას მათში ჰაერი ვეღარ ჩადის) გულის უშუალო დაზიანებაზე არანაკლებ საშიშია.

საშიში მიზეზები
- მწვავე კორონარული სინდრომი (ინფარქტი, ან არასტაბილური სტენოკარდია),
- აორტის განშრევებადი ანევრიზმა
- ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია
- დაჭიმული პნევმოთორაქსი

საშიში სიმპტომები
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ტკივილი განგაშის ნიშანია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. თუმცა შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ექიმის დაუყოვნებელ ჩარევას საჭიროებს:
1. ტკივილის ინტენსივობის თანთანობითი მატება, მისი შემსუბუქება ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ;
2. არტერიული წნევის ვარდნის ტენდენცია;
3. ჰაერის მკვეთრი უკმარისობა, ტუჩების მოლურჯო ელფერით;
4. ხველა სისხლიანი ან მოვარდისფრო მინარევის მქონე ნახველით.

საზეპირო
 - გულის არეში ტკივილის დროს ათიდან მხოლოდ 3 ადამიანს აღმოაჩნდება გულის ამა თუ იმ ხარისხის დაზიანება;
- ტკივილის აღმოცენებისას ნუ შეგეშინდებათ, იქნებ სულაც უმარტივესი პრობლემაა; მთავარია დროულად მიმართოთ ექიმს, რომ დახმარება მალე გაგიწიონ და თვით საშიში დაავადებებიც კი ადრეულ ეტაპზე იქნეს გამოვლენილი.

 
 
სიახლეები
ავერსის მტრედი ბარათის გათამაშება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მარტის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად