ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სგგდ >>ჟურნალი "ავერსი" N73
რა უნდა ვიცოდეთ შიდსის შესახებ


შიდსზე გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს ალაპარაკდნენ. პირველი დიაგნოზი 1981 წელს აშშ-ში დაისვა (თავად ტერმინი “შიდსიც” – “შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის” აბრევიატურა, იგივე AIDS – Acquired Immune Deficiency syndrome – ამერიკელების მოგონილია), ხოლო 1983 წელს პასტერის ინსტიტუტის თანამშრომელმა, მეცნიერმა ლუკ მონტანიემ, აღმოაჩინა ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს და მას ძალზე ბანალური სახელი – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (Human immune Deficiency Virus, შემოკლებით – HIV) უწოდა.

აივ-ტრანსფორმაცია
ადამიანის იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსის აგებულება წარმოუდგენლად მარტივია: გარსი ცხიმოვანი უჯრედების ორმაგი შრისგან შედგება, საიდანაც გლიკოპროტეინებისგან შემდგარი სოკოს ფორმის წარმონაქმნები იზრდება. ვირუსის შიგნით რნმ-ს ორი ჯაჭვია ჩახვეული. აქვეა რთული სახელწოდების ცილები: უკუტრანსკრიპტაზა, ინტეგრაზა და პროტეაზა.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრისას სამიზნედ სისხლში არსებულ T-ლიმფოციტებს ირჩევს. ეს უჯრედები იმუნური სისტემის მძლავრ რგოლს წარმოადგენს და ორგანიზმს გარემოდან შეჭრილი უცხო მიკროორგანიზმების განადგურებაში ეხმარება. T-ლიმფოციტების ზედაპირზე  მოთავსებულია ე.წ. CD-4 მოლეკულები, რის გამოც ამ უჯრედებს CD-4-ლიმფოციტებსაც უწოდებენ. ვირუსი სწორედ იმ უჯრედებს ემტერება, რომლებიც CD-4 მოლეკულებით არის აღჭურვილი: თავდაპირველად გლიკოპროტეინების “სოკოები” ამ მოლეკულებს ჩაებღაუჭებიან, შემდეგ ვირუსისა და ლიმფოციტის გარსები ერთმანეთს შეერწყმიან და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის რნმ – გენეტიკური მასალა – უჯრედში აღწევს. T-ლიმფოციტები, რომლებიც გუშაგად უდგანან ორგანიზმს, ამ შემთხვევაში უძლურნი არიან უჯრედში შეჭრილი უცხო აგენტის მიმართ. მეტიც – მთლიანად ემორჩილებიან “აგრესორის” ბრძანებებს.
გენეტიკური ინფორმაცია ადამიანის ლიმფოციტებში დნმ-ს სახით არის კოდირებული. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა თავი ბატონ-პატრონად რომ იგრძნოს, რნმ დნმ-დ უნდა გარდაქმნას. ამაში მას ცილა უკუტრანსკრიპტაზა ეხმარება. ახალსინთეზირებული დნმ ლიმფოციტის ბირთვში აღწევს, ცილა ინტეგრაზას დახმარებით მასპინძლის დნმ-ში ჩაინერგება და ახალი ვირუსების წარმოქმნას უბრძანებს. ამ დროს ასპარეზზე მესამე ცილაც – პროტეაზაც გამოდის და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შვილობილების წარმოქმნასა და სრულყოფაში ერთვება. ასე მრავლდება შიდსის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, იჭრება სხვა უჯრედებში, იპყრობს მათ, კვლავ მრავლდება და ა. შ.
შეიჭრება თუ არა ვირუსი ორგანიზმში, იწყება მწვავე ინფექციური პროცესი, რადგან სისხლში ვირუსების რაოდენობა მკვეთრად იმატებს (ამას ვირემიას უწოდებენ), T-ლიმფოციტების რაოდენობა კი მთელი 20-40%-ით იკლებს. ხშირად (არა ყოველთვის) ამ დროს გრიპისმაგვარი სიმპტომები იჩენს თავს. მწვავე პერიოდი მალევე გაივლის და ინფიცირებიდან 1-3 თვის შემდეგ ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება, შესაბამისად, დამპყრობლების რაოდენობაც იკლებს, ხოლო CD-4-ლიმფოციტების რიცხვი მთელი 80-90%-ით იმატებს. სამწუხაროდ, ეს სასიკეთო ძვრები დროებითია და საქმეს ვერ შველის: ორგანიზმში ყოველდღე მილიარდობით ვირუსი წარმოიქმნება. ამხელა ჯართან გამკლავება ყველაზე მობილიზებულ იმუნურ სისტემასაც კი არ ძალუძს...

მაინც რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ორგანიზმის გარეთ? ამის გასარკვევად მეცნიერებმა არაერთი ცდა ჩაატარეს. ერთ-ერთი ცდის დროს ვირუსები ძალზე მაღალი კონცენტრაციით გამოიყენეს: მათი რიცხვი 100 000-ჯერ აღემატებოდა სავარაუდო ბუნებრივ რაოდენობას). თქვენ წარმოიდგინეთ, ვერაგმა მიკროორგანიზმებმა ლაბორატორიაში 1-2 დღე ძლივს გაძლეს.
მეცნიერული დასკვნა ასეთია: ორგანიზმის გარეთ ვირუსი ძალიან ცოტა ხანს ძლებს და ატმოსფეროში სულ რამდენიმე წუთში იღუპება. ასე რომ, თავისი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ადამიანი სჭირდება.
მეცნიერებმა არ დაიზარეს და ისიც გაარკვიეს, რამდენ ხანს ინარჩუნებს ვირუსი სიცოცხლის უნარს შპრიცში. თურმე ყველაფერი სისხლის ოდენობაზე, თავად ვირუსის ტიტრზე (სითხის განსაზღვრულ ულუფაში მის რაოდენობაზე) და გარემო პირობებზე ყოფილა დამოკიდებული. ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც შპრიცშია გამოკეტილი, 48 დღემდე ცოცხლობს, მაგრამ მხოლოდ იმ “ბედნიერ” შემთხვევაში, როდესაც ვირუსზე დაბალი მუდმივი ტემპერატურა მოქმედებს და მისი ტიტრიც სისხლში საკმაოდ მაღალია. თუ კანი შემთხვევით გაუსტერილებელი შპრიცით გაიკაწრეთ, რომელშიც სისხლი 3-4 დღის წინ აიღეს, დიდია ალბათობა, ინფიცირებას გადაურჩეთ – ცვალებადი ტემპერატურის პირობებში ვირუსი შპრიცში სიცოცხლის უნარს მხოლოდ რამდენიმე დღე ინარჩუნებს.

HIV/AIDS ციფრებში
მას შემდეგ, რაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინეს ანუ რაც შიდსის ეპიდემია დაიწყო, 60 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით და 25 მილიონი გარდაიცვალა აივ/შიდსით გამოწვეული პათოლოგიებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის მონაცემებით, ამჟამად ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით 33,4 მილიონი კაცია ინფიცირებული და აქედან 2,7 მილიონი შემთხვევა ახალი აღმოჩენილია, ხოლო წლის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია. 430 000-ამდე ბავშვი აივინფიცირებული დაიბადა და შეემატა იმ 2,1 მილიონს, რომელთაც ამ მძიმე ინფექციასთან თანაარსებობა უხდებათ.
ყველაზე მეტად აივ/შიდსი აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. ამ რეგიონის წილად მოდის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 67%,  ახალგამოვლენილ შემთხვევათა 70% და ბავშვებში ახალგამოვლენილ შემთხვევათა მთელი 91%.
2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაახლოებით 5,25 მილიონი ადამიანი იტარებს ანტირეტროვირუსულ თერაპიას, რაც 2008 წლის მაჩვენებელს მთელი 30%-ით აღემატება. მიუხედავად ამგვარი პროგრესისა, მედიკამენტებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მეტისმეტად მცირეა: 2009 წელს ინფიცირებულ მოზარდთა მხოლოდ 37%-ს და ბავშვთა მხოლოდ 28%-ს ჩაუტარდა მკურნალობა. საერთო ჯამში, ანტირეტროვირუსული მკურნალობა მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულთა 36%-ს ჩაუტარდა, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაა. ასე, მაგალითად: ამერიკაში აივინფიცირებულთა 50%-ს გაუმართლა, აზიაში – 32%-ს, ხოლო ევროპაში – მხოლოდ 7%-ს.
რაც შეეხება მაღალშემოსავლიან ქვეყნებს, აქ 2009 წელს 700 000 ადამიანს ჩაუტარდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობა, რის შედეგადაც თერაპიაგავლილთა რიცხვმა 6 მილიონს მიაღწია.
საქართველოში 2007 წლისთვის ინფიცირების 1472 შემთხვევა გახლდათ რეგისტრირებული. ამათგან 1119 მამაკაცი იყო, 353 –  ქალი, მათ შორის 4 –  ორსული. ინფიცირებულთაგან შიდსი 614-ს განუვითარდა, ხოლო 307 გარდაიცვალა.
ეს მხოლოდ ოფიციალურად აღრიცხული შემთხვევებია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია – 3000-ს აჭარბებს.

ძველი ცოდნა გამოგვადგება
შესაძლოა, ციფრები წლიდან წლამდე იცვლებოდეს, მაგრამ ძირითადი ცოდნა აივ/შიდსის შესახებ (ვგულისხმობთ პრევენციის გზებს, გადაცემის მექანიზმს და ა.შ.) უცვლელი რჩება. მოდი, თავდაპირველად გავიხსენოთ, როგორ გადაედება ვირუსი ინფიცირებულისგან ჯანმრთელს:
. სქესობრივი გზით. როგორც სტატისტიკა მოწმობს, სქესობრივი გზით აივ-ინფიცირების ალბათობა ყველაზე მაღალია – 70-80%-ს შეადგენს. ეს გასაგებიც არის: ვირუსები ყველაზე დიდი კონცენტრაციით სწორედ სპერმასა და საშოს სეკრეტშია. ამ გზით ვირუსის გადაცემის საფრთხე კიდევ უფრო მეტია, თუ სქესობრივ პარტნიორს სიფილისი, გონორეა ან რომელიმე სხვა ვენერული დაავადება აქვს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადება შიდსის ვირუსისთვის ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ ვენერიული დაავადებები სასქესო ორგანოების დაწყლულებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს, დაზიანებულ უბნებში კი ვირუსი იოლად იჭრება. გარდა ამისა, ანთების კერაში უხვად არიან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ძირითადი სამიზნეები – T-ლიმფოციტები, რომლებიც ინფექციასთან უთანასწორო ბრძოლაში სწრაფად მარცხდებიან.
ქალები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, ვიდრე მამაკაცები. არ გეგონოთ, აივ-ინფექცია მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ემტერებოდეს. უბრალოდ, ვირუსი ქალის ორგანიზმში უფრო იოლად იჭრება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სპერმა ვირუსს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, მეორეც, ქალის სასქესო ორგანოებში, მათი თავისებური აგებულების გამო, ამ ვერაგი მიკროორგანიზმებით უფრო დიდი ზედაპირი მოითესება.
. საერთო შპრიცით (ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას). ამ გზით ინფიცირება შედარებით იშვიათია – შემთხვევათა საერთო რიცხვის 5-10%-ს შეადგენს, თუმცა სწორედ საერთო შპრიცის გამოყენების ბრალია, რომ ნარკომანებში შიდსი საკმაოდ არის გავრცელებული.
რა ვიღონოთ? რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი ნარკოტიკებზე უარის თქმაა, მაგრამ ინფიცირების რისკს ერთჯერადი შპრიციც ამცირებს (ცხადია, მხოლოდ მაშინ, თუ მას ერთი ადამიანი გამოიყენებს და არა რამდენიმე).
. უნებლიე ჩხვლეტისას სამედიცინო ინსტრუმენტებით (შპრიცით) მანიპულაციის დროს. 1996 წელს აშშ-ში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 52 აივინფიცირებული მედიცინის მუშაკი გამოავლინა. 45-ს ინფექცია ნემსის ჩხვლეტის შედეგად შეეყარა, დანარჩენს – ვირუსით  კონცენტრირებული სისხლის დაზიანებულ კანზე, თვალში, პირის ღრუში მოხვედრის შედეგად. დაინტერესებულმა მკვლევარებმა ინფიცირების საშუალო ალბათობაც გამოიანგარიშეს და დაადგინეს, რომ ნემსის ჩხვლეტისას იგი 0,3%-ს შეადგენს ანუ 300 “დაჩხვლეტილიდან” მხოლოდ ერთი ხდება ვირუსის მსხვერპლი, ხოლო დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე და თვალში მოხვედრისას ალბათობა კიდევ უფრო ნაკლებია – მხოლოდ 0,1%.
საზოგადოდ, ექიმების აივინფიცირების საფრთხე ძალზე მცირეა (0,01%-ზე ნაკლები), ხოლო საქართველოში ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
. ვერტიკალური გზით ანუ ინფიცირებული დედისგან მუცლადყოფნის პერიოდში. ვირუსის გადაცემის ალბათობა ამ შემთხვევაში 5-10%-ია. სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს მსოფლიოში 700 000 აივინფიცირებული ბავშვი იბადება. ამჟამად საქართველოში აივ-ინფექციაზე ყველა ორსულის გამოკვლევა ვერ ხერხდება. თუ მკურნალმა ექიმმა ინფიცირება იეჭვა, ქალი მხოლოდ ამ შემთხვევაში იგზავნება შემდგომი გამოკვლევისთვის.
. შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით. როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, ტრანსფუზიისთვის მხოლოდ და მხოლოდ შემოწმებული სისხლი გამოიყენება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მასშტაბით სისხლის გადასხმით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული. დასნებოვნების ალბათობა, სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 3-5%-ია.

ვირუსი არ გადაეცემა:
. კოცნით. ნერწყვში ვირუსი იმდენად მცირე კონცენტრაციითაა, რომ კოცნის შედეგად ინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. კოცნა საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნერწყვს დიდი ოდენობით სისხლი მოყვება ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაზიანებულია და მასში ვირუსი იოლად აღწევს. იგივე ეხება ოფლს, შარდს. სხვა ფიზიოლოგიურ სითხეებში (სპერმაში, რძეში, მით უმეტეს, სისხლსა და თავზურგტვინის სითხეში) ვირუსი ძალზე მაღალი კონცენტრაციით არის და ინფიცირების თვალსაზრისით საშიშია.
. მწერების კბენით. თავდაპირველად, როდესაც ვირუსი ის-ის იყო აღმოაჩინეს, გამოითქვა მოსაზრება, რომ მისი გადამტანები შესაძლოა “უწყინარი” კოღოები, ტკიპები და სხვა სისხლისმწოველი არსებები ყოფილიყვნენ, მაგრამ სპეციალისტები მალევე მიხვდნენ, რომ მწერებს არავითარი ბრალი არ მიუძღვით, რადგან კბენისას ადამიანის ორგანიზმში ისინი ნერწყვს უშვებენ და არა სისხლს. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, რაოდენ სავალალო მდგომარეობა იქნებოდა მსოფლიოში, მწერებს რომ შიდსი გადაჰქონდეთ – ეს პაწაწინა არსებები კაცობრიობას სულ რამდენიმე წელიწადში გაავლებდნენ მუსრს.
. სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს;
. მანიკიურ-პედიკიურის, თმის შეჭრისა და პარსვის დროს;
. ანალიზების ჩაბარების დროს;
. აუზში, აბანოსა და საუნაში;
. ხელის ჩამორთმევით;
. პირადი ჰიგიენის ნივთების (მაგალითად, პირსახოცის, ჭურჭლის) და ტანსაცმლის საშუალებით;
. სისხლის გაცემისას (ასე რომ, თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, თამამად შეგიძლიათ, შიდსით დაავადებულის დონორი გახდეთ).

რას უნდა ველოდეთ
საინკუბაციო პერიოდი ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე, სხვა ინფექციური პათოლოგიებისგან განსხვავებით, შიდსის შემთხვევაში ცვალებადია. ფარული პერიოდი საშუალოდ 4-5 წელს შეადგენს – არ არის გამორიცხული, უფრო ხანმოკლე იყოს ან უფრო მეტად გახანგრძლივდეს, რაც შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:
. რამდენმა ვირუსმა შეაღწია ორგანიზმში (ანუ ინფიცირება ჩხვლეტით მოხდა თუ ტრანსფუზიით). თუ ადამიანს დიდი ოდენობით ინფიცირებული სისხლი გადაუსხეს, ვირუსი ორგანიზმში ჭარბად მოხვდება და, შესაბამისად, საინკუბაციო პერიოდიც ხანმოკლე იქნება.
. რა მდგომარეობაშია მასპინძელი ორგანიზმის იმუნური სისტემა;
. რამდენად ვირულენტური (აგრესიული) შტამი შეიჭრება ორგანიზმში.
ფარული პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით აივინფიცირებულებს ყოფენ სწრაფ პროგრესორებად, საშუალო დონის პროგრესორებად (როდესაც ფარული პერიოდი 4-5 წელიწადს შეადგენს) და მუდმივ არაპროგრესორებად. უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც 1981 წელს დაინფიცირდნენ და შიდსი ჯერ არ განვითარებიათ, თუმცა შესაძლოა, დაავადება ხვალ-ზეგ ჩამოუყალიბდეთ.
გახსოვდეთ: ადამიანი გადამდებია ინფიცირების დღიდან. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, შეიჭრება თუ არა ორგანიზმში, აქტიურად იწყებს გამრავლებას და ხვდება ყველა ბიოლოგიურ სეკრეტში, ყველაზე მეტად – სისხლში, თავზურგტვინის სითხეში, სპერმაში, ნაკლებად – ნერწყვსა და ოფლში.
თუ აივ-ინფიცირების შიშით (დაუცველი სქესობრივი კონტაქტის, საერთო შპრიცით ინექციის შემდეგ) ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აღმოჩენა მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ორგანიზმში მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება, ამისთვის კი დროა საჭირო – სავარაუდო ინფიცირებიდან ორი თვე მაინც უნდა გავიდეს. პერიოდს, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ არ ჩანს, ფანჯრის პერიოდს უწოდებენ.
დაბოლოს: მკურნალობის შემთხვევაში შედეგი ძალიან კარგია. ინფიცირებულს მაღალაქტიურ კომბინირებულ ანტირეტროვირუსულ თერაპიას უნიშნავენ. თუ რეზისტენტობა (ამ შემთხვევაში პრეპარატი ვირუსზე აღარ იმოქმედებს) ან რაიმე გართულება არ განვითარდა, აივინფიცირებული ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას, საზოგადოების აქტიურ და სრულფასოვან წევრად დარჩება. ხოლო თუ არ იმკურნალა, უთუოდ დაიღუპება.
აივინფიცირებული ანტივირუსული მედიკამენტების მიღების შემდეგაც გადამდებია, თუმცა ინფიცირების ხარისხი ამ შემთხვევაში გაცილებით დაბალია. მართალია, თერაპიის შედეგად ვირუსი სისხლში აღარ ჩანს, მაგრამ ორგანიზმში ის სამუდამოდ რჩება.

მას შემდეგ, რაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინეს, მეცნიერები განუწყვეტლივ ეძიებენ განკურნების საშუალებას. სომხეთის სამედიცინო ელიტის განცხადებამ, რომ შიდსის წამალი აღმოაჩინეს, მალე დაკარგა ფასი. მსოფლიოს მარტო სახელდახელოდ შერჩეული სახელწოდება “არმენიკუმი” დაამახსოვრდა.
აივმატარებლები, შიდსით დაავადებულები და სრულიად სამედიცინო საზოგადოება დღემდე ელის იმ ბედნიერ დღეს, როდესაც ამ ვერაგი დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატს აღმოაჩენენ. სანუგეშო ჯერჯერობით ის არის, რომ მეცნიერები გულხელდაკრეფილები არ სხედან. უკანასკნელი მიღწევის შესახებ ახლახან გადაიცა საფრანგეთის ტელევიზიის 24-ე არხით – მასაჩუსეტსის მთავარი ჰოსპიტლის დირექტორმა განაცხადა: “მეცნიერები ახლოს არიან იმ დღესთან, როდესაც შიდსის საწინააღმდეგო წამალს გამოიგონებენ. უკანასკნელი დაკვირვების შედეგებს თუ დავეყრდნობით, ძაღლის თავი ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხის თავისებურებაში დამარხული”. აღმოჩნდა, რომ 300 აივინფიცირებულიდან ერთს თავად შესძლებია ვირუსის დათრგუნვა, რაც დაავადების განსაზღვრულ  ეტაპზე “დაკონსერვების” ტოლფასია. ამ პროცესის მთავარი მიზეზის – სავარაუდოდ, რომელიღაც ცილის – გამოვლენა ვინმე ფლორენცია პერეირას ხელმძღვანელობით შეკრებილმა მეცნიერთა ჯგუფმა ითავა რაგონის უნივერსიტეტში. მათ თავი მოუყარეს 3500 ადამიანს, რომელთაგან 2500-ს სწრაფად პროგრესირებადი აივ-ინფექცია ჰქონდა, ხოლო 100-ს – რეზისტენტული ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნური სისტემის მძლავრი პასუხის გამო ვირუსი ორგანიზმში აღარ მრავლდებოდა. ადამიანთა ამ ორი ჯგუფის იმუნურ სისტემას შორის 300-ამდე სხვაობა აღმოაჩინეს, მაგრამ ძირითადი განსხვავება მაინც მე-6 ქრომოსომაში იყო “დამარხული”, სადაც გენები HLA-ანტიგენებს წარმოქმნიდნენ. ვირუსის განსაკუთრებით მძლავრი მაკონტროლებელი ამინმჟავა HLA-B პროტეინად წოდებულ ფრაქციაში აღმოაჩინეს. სწორედ მას დააბრალეს ვირუსის კონტროლის უნარი და მეცნიერთა დიდი ნაწილი მის გასააქტიურებლად მუშაობას შეუდგა.

 
 
სიახლეები
ავერსის ცენტრალური კლინიკა ექვსი წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად