ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ორსულობა >>ჟურნალი "ავერსი" N32
ტემპერატურის მომატება ორსულობისას


თუკი თერმომეტრი გაფრთხილებს
ქალი მთელი ცხრა თვის მანძილზე ელის… ელის ხან მოთმინებით, ხან მოუთმენლად… ელის და იცის, რომ ერთ მშვენიერ დღეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გამოცდა ელის. გამოცდას, როგორც მიმიხვდი, მშობიარობა ჰქვია. მაგრამ საქმე ამით ყოველთვის არ მთავრდება – რამდენიმესაათიანი  სამშობიარო ეპოპეის შემდეგ, როცა გგონია, ყველაფერი უკან დარჩა, ხშირად ახალი პრობლემები გატყდება თავს.
მშობიარობისშემდგომ უსიამოვნებებს შორის ყველაზე ხშირი ენდომეტრიტია, რომლის სახელწოდება არა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, მაღალი სიცხე, უამრავი ქალისთვის არის ნაცნობი.
მაინც რა იწვევს ცხელებას? ნუთუ ასე საშიშია იგი?

ანატომიის ლაბირინთებში

ენდომეტრიტი საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი გარსის – ენდომეტრიუმის ანთებაა.
ენდომეტრიუმს ერთობ კეთილშობილური დანიშნულება აქვს: ნაყოფის მიმაგრებას და მის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს. მაგრამ ლორწოვანი გარსი მხოლოდ ორსულობის დროს როდი აქტიურობს; იგი ყოველთვე ემზადება ნაყოფის მისამაგრებლად. თუკი კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა და ენდომეტრიუმში არ ჩაეფლო, გაწბილებული ლორწოვანი გარსი ჩამოიშლება და ორგანიზმიდან გამოიდევნება (ამას მენსტრუაციას ვუწოდებთ).
ანთებითი ცვლილებების შემთხვევაში ენდომეტრიუმი ზიანდება და ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც ჯანმრთელ საშვილოსნოში თავისთავად მიმდინარეობს, ირღვევა. შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს უნაყოფობა, ხოლო ბავშვის ჩასახვის შემთხვევაში – ორსულობის ესა თუ ის პათოლოგია.

საიდან ხვდება საშვილოსნოში ინფექცია
ენდომეტრიტის მთავარი მიზეზი საშვილოსნოში ინფექციის ჩასახლებაა. ის ლორწოვან გარსზე სხვადასხვა გზით ხვდება:
. საშოდან. საშო დასახლებულია მიკროორგანიზმებით, რომლებიც ჯანმრთელ ორგანიზმს ვერაფერს აკლებს. ორსულობისას, უფრო მეტად კი მშობიარობისას, ისინი აქტიურდება და პათოლოგიურ პროცესებს იწვევს. ამგვარ მიკროორგანიზმებს პირობითპათოგენურებს უწოდებენ.
ინფექციური პროცესი შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიურმა მიკროორგანიზმებმაც: ქლამიდიამ, ურეაპლაზმამ და სხვა.
. ქრონიკული ანთებითი კერებიდან. ბაქტერიებით მოთესილი ნუშურა ჯირკვლებიდან, თირკმელებიდან (ნეფრიტის დროს) და ა.შ. ლიმფისა და სისხლის საშუალებით ინფექცია შეიძლება საშვილოსნოში მოხვდეს.
ენდომეტრიტის განვითარების რისკის ფაქტორებია:
. ორსულობის დროს თავჩენილი უროგენიტალური (შარდ-სასქესო) ინფექციები;
. საკეისრო კვეთა;
. ქირურგიული მანიპულაციები, რომლებიც საშვილოსნოს ღრუში ინსტრუმენტებით შესვლას მოითხოვს;
. სადიაგნოსტიკო მეთოდები, რომლებიც, ასევე, საშვილოსნოში აპარატურით შეჭრას გულისხმობს;
. პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა;
. ხანგრძლივი მშობიარობა;
. ხანგრძლივი უწყლო პერიოდი, როცა წყლების დაღვრიდან  მშობიარობის დასაწყისამდე დიდი დრო (დაახლოებით 12 საათი) გადის;
. მშობიარობის სხვადასხვა გართულება.

ვერცხლისწყალი იწევს
პირველი შემაშფოთებელი ნიშანი ცხელებაა. სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ უმნიშვნელოდ იმატებს, ზოგჯერ კი მაღალ მაჩვენებელს, 41 გრადუსსაც კი აღწევს. ცხელებას თან სდევს შემცივნება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ტემპერატურის მატება ზოგჯერ რძის მეტისმეტ მოდინებას უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში ცხელება პერიოდულია, სარძევე ჯირკვლების გადავსებისას იჩენს თავს და გამოწველისთანავე ცხრება.
ენდომეტრიტის დროს, გარდა ტემპერატურული რეაქციისა, ქალს აწუხებს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში. ტკივილი მუდმივია, ხოლო ძუძუს წოვებისას კიდევ უფრო მძაფრდება – ამ დროს ხომ საშვილოსნო იკუმშება. ბავშვის ძუძუთი კვებისას მცირედი დისკომფორტი და უმნიშვნელო ტკივილი შეიძლება ჯანმრთელმა ქალმაც განიცადოს, მაგრამ, ენდომეტრიტით დაავადებულისგან განსხვავებით, დაასრულებს თუ არა კვებას, უსიამოვნო შეგრძნება უმალვე გაუქრება.
ენდომეტრიტი შეიძლება მშობიარობიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში გამოვლინდეს. არის შემთხვევები, როდესაც ენდომეტრიუმის ანთება მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ იჩენს თავს.

დაამარცხე ინფექცია
ენდომეტრიტის დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ  ხელით გასინჯვას (რაც დისკომფორტს იწვევს), სისხლის საერთო ანალიზს, სადაც ინფექციის არსებობისას ლეიკოციტების მატება ფიქსირდება. მეტად გავრცელებულია ექოსკოპიური გამოკვლევაც.
რაკი პრობლემის თავიდათავი ინფექციაა, გინეკოლოგები ანტიბაქტერიულ თერაპიას უნიშნავენ. პარალელურად მელოგინემ თვალყური უნდა ადევნოს ტემპერატურას და განმეორებით ჩაიტაროს გამოკვლევები.

სიტყვა ეძლევა ჰიგიენას
თავადაც კარგად იცი, რომ პირად ჰიგიენას ქალის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში, გირჩევ, მას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო:
. არამც და არამც არ შეიკავო შარდი. სასურველია, საპირფარეშოს 3 საათში ერთხელ მაინც ეწვიო, ვინაიდან გადავსებული შარდის ბუშტი საშვილოსნოს შეკუმშვას ხელს უშლის.
. ყოველი მოშარდვისა და ნაწლავთა მოქმედების შემდეგ სასურველია ჰიგიენური შხაპის მიღება.
. გირჩევ, ჰიგიენური საფენი ყოველ 2-3 საათში ერთხელ მაინც იცვალო.
. გაითვალისწინე: საფენი შორისის მიდამოს მჭიდროდ არ უნდა ეკვროდეს, რათა საშვილოსნოდან ნარჩენების გამოდევნას არ შეუშალოს ხელი.
      
სიცხის დროს
ვიცით, რომ ორსულისთვის გაციება თუ გრიპი მეტად არასასურველია, მაგრამ ამგვარი უსიამოვნებებისთვის თავის არიდებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ.
ნებისმიერი ტიპის ცხელების შემთხვევაში ორსულმა კონსულტაციისთვის გინეკოლოგს უნდა მიმართოს, თუმცა ელემენტარული სამედიცინო დახმარება შეუძლია თავადვე გაუწიოს საკუთარ თავს ანდა ეს დიადი მისია ოჯახის წევრს მიანდოს.
. თუკი ვერცხლისწყლის სვეტმა 39 გრადუსს მიაღწია, ურიგო არ იქნება ძმრითა (9%) და არაყით  დაზელა.
. არამც და არამც არ მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალება თვითნებურად. უთუოდ დაეკითხეთ გინეკოლოგს. სავსებით შესაძლებელია, თქვენ მიერ შერჩეული პრეპარატი ნაყოფისთვის მავნებელი აღმოჩნდეს.
. მეტად სასარგებლოა ხილის ახალგამოწურული წვენი. მართალია, მას სიცხის დამწევი ეფექტი არ აქვს, მაგრამ მასში შემავალი ფიტონციდები – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები – ბაქტერიული გართულებებისგან დაგიცავთ. როგორც ჩანს, ფიტონციდები ხელს უშლიან მიკროორგანიზმების გამრავლებას და ამგვარად ერთგვარ ბუნებრივ ანტიბიოტიკებად გვევლინებიან.

ცხელების დროს ორსულისთვის ყველაზე უსაფრთხო და ამავე დროს მეტად მარგებელია სამკურნალო მცენარეების ნაყენი. ჩვენ გირჩევთ:
. ცაცხვის ყვავილების ჩაის;
. გამომშრალი ჟოლოს ჩაის;
. ვაშლის ჩირის კომპოტს ან ნაყენს (ნახევარ ჭიქა ვაშლის ჩირს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე);
. წვრილად გახეხილ, თაფლით შეზავებულ შტოშს (2 ს.კ. გახეხილ შტოშს დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და დაასხით 3 ს/კ კოვზი მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ, გააგრილეთ და მცირე ულუფებად სვით);
. ჭარხლისა და სტაფილოს წვენს. კარგი იქნება, თუ ცოტა კომბოსტოს წვენსაც დაამატებთ.

 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ნოემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად