ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ნევროლოგია, ფსიქიატრია >>ჟურნალი "ავერსი" N25
ნევროზები ქალებში

ანუ სუსტი სქესის სისუსტეები
“ნევროზი მაქვს!” – ასეთი განცხადებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ. როგორც ჩანს, ახალი ტექნოლოგიები, თანამედროვე ცხოვრების რიტმი ადამიანის  ნერვულ სისტემაზე მთლად სასიკეთოდ არ აისახება.
მართლაც, ყოველდღიური საზრუნავი იმდენ თავსატეხს გვიჩენს, რომ ძნელია სიმშვიდე შეინარჩუნო.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნევროზების მსხვერპლნი უპირატესად სუსტი სქესის წარმომადგენლები არიან. სახელდობრ როგორ ვლინდება დაავადება ქალებში? შესაძლებელია თუ არა ნევროზისგან თავის დაღწევა? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს აკადემიკოს პეტრე  სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი სოსო ბურდულაძე.

. ბატონო სოსო, ნევროზის სახელით დღეს უამრავ პათოლოგიურ მდგომარეობას იხსენიებენ. რეალურად რას წარმოადგენს იგი?
– ნევროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც თან სდევს შინაგან ორგანოთა ფუნქციის მოშლა, თუმცა ნერვული ქსოვილის ანატომიური აგებულების თვალსაჩინო ცვლილებების გარეშე.
ასე განიმარტება ნევროზის ცნება, მაგრამ ამჟამად ნეიროფსიქიატრები ემხრობიან აზრს, რომ ზოგიერთი ფსიქონევროლოგიური დაავადების დროს ნერვული ქსოვილის დონეზე გარკვეული ცვლილებები მაინც ვითარდება.
თავად ტერმინი “ნევროზი”, შეიძლება ითქვას, მოძველებულია. თანამედროვე ნეიროფსიქიატრიულ ლიტერატურაში ასეთი სახის აშლილობას ფსიქოორგანული დაავადების სახელით იხსენიებენ.
ნევროზი ქალებს შორისაც არის გავრცელებული და მამაკაცებს შორისაც, თუმცა სუსტი სქესის წარმომადგენლებზე მაინც მეტი წილი – საერთო რაოდენობრივი მაჩვენებლის 2/3 – მოდის.
ნევროზი ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უმეტესად მაინც 25-45 წლის ასაკში იჩენს თავს.
. სახელდობრ, რა სახით?
– ქალებში ყველაზე მეტად ნევროზის ის ფორმა გვხვდება, რომელსაც ჩვენში ვეგეტონევროზის სახელით იცნობენ.
ვეგეტატიური ნერვული სისტემა ნერვული სისტემის ის ნაწილია, რომელიც შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და, შესაბამისად, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას არეგულირებს. ამგვარად, ვეგეტონევროზი ნერვული სისტემის იმ მეტად მნიშვნელოვანი  ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა გახლავთ, რომელიც შინაგან ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.
ტერმინი “ვეგეტონევროზიც”  (მას ასევე ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას, ნეიროცირკულარულ დისტონიას ან ასთენიას, ვეგეტატიურ ნევროზს, ვეგეტოზს უწოდებენ), “ნევროზის” მსგავსად, მოძველებულია. დღეს ამ პათოლოგიას სომატოფორმული აშლილობის სახელით მოიხსენიებენ. ხშირად მის სინონიმებს – ფსიქოსომატურ, ფსიქოვეგეტატიურ აშლილობებსაც იყენებენ.
სომატოფორმული აშლილობანი ქალებში გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებსა და ბავშვებში.
ნევროზის ამ ფორმის რამდენიმე ვარიანტს განასხვავებენ. ესენია:
. სომატიზებული აშლილობა, რომელსაც სხვაგვარად ისტერიულ აშლილობასაც ვუწოდებთ. მისი სიმპტომატიკა ძირითადად სხვადასხვა ორგანულ სისტემის მხრივი ფიზიკური ჩივილებისგან შედგება. ეს ჩივილები შეიძლება იყოს კარდიული (ტაქიკარდია, ჰიპერტენზია), გასტრო-ინტესტინული (ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა) და ნევროლოგიური (გონების ხანმოკლე დაკარგვა,  თავის ტკივილი). ძირითადი სომატური სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, დისმენორეა, წვა სასქესო ორგანოებში, ქოშინი, კიდურების დაბუჟება, ამნეზია. მას ხშირად თან სდევს შფოთვა, პანიკური აშლილობა, დეპრესია.
. კონვერსიული აშლილობა (“კონვერსია” სიტყვასიტყვით შეცვლას, გარდასახვას ნიშნავს), რომელსაც ისტერიულ კონვერსიასაც უწოდებენ. იგი ფსიქიკური კონფლიქტის ერთგვარი “გარდასახვაა” ფიზიკურ სიმპტომებში, კერძოდ, სენსომოტორულ სისტემაში, რაც კიდურების დამბლით, მეტყველების გაძნელებით, ხმის სრული წართმევით ვლინდება. ხშირია ფსევდოეპილეფსიური ანუ ისტერიული გულყრა.
ნეიროფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ კონვერსიული აშლილობა ერთგვარი თავდაცვაა, იზოლაციაა პრობლემისგან. ადამიანი ცდილობს, ამგვარად გაექცეს პრობლემას – ინტიმურს, ოჯახურს, სოციალურს თუ სხვას.
. ნევროზის ამ ფორმას ეპილეფსიური შეტევისგან სპეციალისტი ალბათ იოლად გაარჩევს, მაგრამ ხომ შეიძლება, ადამიანი სიმულაციას ეწეოდეს?
–  კონვერსიული აშლილობის დროს ენცეფალოგრამაზე ან ტომოგრამაზე თავის ტვინის დაზიანება და ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ ვლინდება. რაც შეეხება სიმულაციას, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონვერსია არამც და არამც არ არის სიმულაცია; ეს გახლავთ დამოუკიდებელი, ფსიქოგენური სომატიზებული აშლილობა მკვეთრად განსაზღვრული კლინიკური თავისებურებებით.
. კიდევ რა ნიშნებით ვლინდება ვეგეტონევროზი?
– კონვერსიული აშლილობის კიდევ ერთი ფორმაა სომატოფორმული ტკივილი. ამ დროს ადამიანს მუცლის ღრუს, წელის ან სხვა ლოკალიზაციის მწვავე ტკივილი აწუხებს, მაგრამ შეგრძნება ცრუა, უხეშად რომ ვთქვათ,  უსაფუძვლო. ორგანო დაზიანებული არ გახლავთ.
ეს დაავადება ქრონიკულად, ხშირი გამწვავებითა და რემისიით მიმდინარეობს.
. სდევს თუ არა თან სომატოფორმულ ნევროზს თავის ტკივილი?
– სომატომორფული ნევროზის ერთ-ერთ ვარიანტს დაძაბულობის თავის ტკივილი წარმოადგენს, რომელიც  ასიდან 90 შემთხვევაში სწორედ ქალბატონებს უვლინდებათ. იგი ვეგეტონევროზის ერთ-ერთი გავრცელებული ვარიანტია, რომლის დროსაც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების პრაქტიკულად არავითარი ნიშანი  არ არსებობს.
როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, თავის ტკივილი მუდმივი ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვის შედეგად აღმოცენდება. მას ორმხრივი, გავრცელებული, მოჭერითი ხასიათი აქვს, პაციენტები ამ შეგრძნებას თავზე ჩაფხუტის დახურვას ადარებენ. ამ მდგომარეობის შესაბამისი ტერმინი ჯერ კიდევ შარკომ მოგვაწოდა – ნევრასთენიკის ჩაფხუტი. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მონაცემით ამ დროს ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევა ქალას კუნთების სპაზმს ავლენს, თუმცა ამ მონაცემთა სანდოობა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ასეთი ტიპის თავის ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი საათიდან ერთ კვირამდე, ხანგამოშვებითი ან მუდმივი მიმდინარეობით.
სომატოფორმული ნევროზის კიდევ ერთი ფორმა გახლავთ ასთენიური ნევროზი, რომელიც უღონობით, პათოლოგიური დაღლილობით, ენერგიის დაქვეითებით, უძლურებით ვლინდება. ეს ყოველივე ფიზიკურ და გონებრივ გადაძაბვას ან მუდმივ არასასიამოვნო შინაგან თუ გარეგან გამღიზიანებლის  ზემოქმედებას უკავშირდება.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ალბათ, გაგიგონიათ. იგი, ფაქტობრივად, სომატოფორმული აშლილობის ერთ-ერთი სახეა. ამ დროს ვითარდება ქრონიკული მუცლის ტკივილი, ფაღარათი ან, პირიქით, შეკრულობა, მუცლის შებერვა თუ სხვა გასტროინტესტინული სიმპტომები. ამ ნიშნებს ყოველთვის სდევს თან ფსიქოემოციური ლაბილურობა, ხასიათის ხშირი და უმიზეზო ცვლილება, განგაშის შეგრძნება, ტაქიკარდია, თავის ტკივილი. ნევროზის ეს ფორმა სუსტი სქესის წარმომადგენლებში ორჯერ უფრო ხშირად იჩენს თავს, ძირითადად – 25-დან 35 წლამდე. მეტწილად – ქალაქის მოსახლეობაში.
. გარდა ვეგეტონევროზებისა, კიდევ რა ტიპის ნევროზებს უჩივიან ქალები?
– სუსტი სქესის წარმომადგენლებში ხშირია შფოთვითი აშლილობები, რომლებიც, ისევე როგორც სომატოფორმული აშლილობები, ფსიქოგენურ აშლილობათა ჯგუფში ერთიანდება. არსებობს მათი სხვადასხვა ფორმა:
. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა – მას ხშირად შეცდომით ვეგეტონევროზთან აიგივებენ. შფოთვა, თანამედროვე განმარტებით, არის ემოციური განცდა, რომელსაც ახასიათებს დისკომფორტი გაურკვეველი პერსპექტივის გამო და  ძირითადად კარდიული, გასტროინტესტინული, ნევროლოგიური ჩივილებით ვლინდება. ამ დროს პაციენტს აწუხებს მოუსვენრობა, ძლიერი შფოთვა, განცდები, რომლებიც სხვადასხვა მოვლენას უკავშირდება.
დიაგნოზი რომ დავსვათ, ამგვარი სიმპტომატიკა სულ მცირე ერთი თვე მაინც უნდა გრძელდებოდეს და ჩამოთვლილი სიმპტომებიდან: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების დაძაბულობა, აჟიტაცია, უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა – სამი მაინც უნდა აღინიშნებოდეს. არცთუ იშვიათად ამ ნიშნებს ერთვის ოფლიანობა, ტრემორი (კანკალი). გენერალიზებულ შფოთვას ხშირად ახლავს დეპრესია.
აღსანიშნავია, რომ ქალებში ყველაზე ხშირად შფოთვითი აშლილობის სწორედ ეს  ფორმა გვხვდება.
. პანიკური აშლილობა – შფოთვითი აგზნების ხანმოკლე, შექცევადი შეტევები, რომლებსაც ზოგჯერ აგორაფობიაც (გახსნილი სივრცისა და ხალხმრავალი ადგილების შიში) ახლავს თან. ამ დროს აღინიშნება ტაქიკარდია, თავის ტკივილი, გულისრევა, სლოკინი, ღებინება, კიდურების დაბუჟება, ძილად მივარდნის შეტევები.
შფოთვითი აშლილობის ეს ვარიანტი  უმეტესად 25 წლის ქალებში გვხვდება,  განსაკუთრებით – წინარემენსტრუაციულ პერიოდში. მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე ასეთი ქალბატონები გუნება-განწყობის დაქვეითებას, დეპრესიას უჩივიან.  მამაკაცებში ნევროზის ეს ფორმა ძალიან იშვიათია, შემთხვევათა სულ რაღაც 7-8%.
. სტრესული აშლილობა. ის, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, მწვავე სტრესით არის გამოწვეული. ამ დროს სტრესული სიტუაციის პასუხად პაციენტს ეუფლება შიში, რისხვა, დანაშაულის ან სირცხვილის განცდა, დაძაბულობა, დაღლილობა, ძილის დარღვევა, დეპრესიათ.
. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. თუკი ზემოხსენებული სტრესული აშლილობა  უშუალოდ სტრესის დროს იჩენს თავს, პოსტტრავმული ფორმა სტრესიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ვლინდება. ამას პროვოცირება შეიძლება გაუწიოს რაიმე ფაქტმა, რაც პაციენტს სტრესულ სიტუაციას გაახსენებს. ახასიათებს ტრავმული ფაქტორის “ხელმეორედ გადატანა”, მასზე ინტენსიური ფიქრი, ილუზიები, ტრავმის გადაჭარბებული შეფასება, კონცენტრაციის მოშლა, აგზნება, უძილობა, საშინელი შინაარსის სიზმრები, ვეგეტატიური რეაქციები.
. ბევრი ქალბატონი ნევროზს კლიმაქსურ პერიოდში უჩივის. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?
– კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი ჰორმონული ძვრები, რა თქმა უნდა, ნერვულ სისტემაზეც აისახება. ამ დროს იოლად იჩენს თავს როგორც სომატოფორმული, ასევე შფოთვითი აშლილობები. კლიმაქსურ პერიოდში გამოვლენილი მსგავსი აშლილობების უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. მკურნალობა  აუცილებელია.
. მოსახლეობაში რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ ნევროზი უპირატესად მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელთა ხვედრია. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
– ალბათ, ამ შეხედულებას საძირკველს უმაგრებს სამეცნიერო-პოპულარულ თუ გასართობ ჟურნალებში ხშირად მოხსენიებული ფაქტი, რომ ფროიდის ნევროზით შეპყრობილი პაციენტები მხოლოდ მაღალი წრის ქალბატონები იყვნენ. სინამდვილეში ნევროზი სოციალურ წარმომავლობას არ არჩევს, თუმცაღა უდავოა, რომ სომატოფორმული და შფოთვითი აშლილობები ქალაქის მოსახლეობაში უფრო ხშირია. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს ჯ.ბერდმა გამოყო ე.წ. ამერიკული ნევროზი – ნევრასთენია, რომელიც დიდი ქალაქების მოსახლეობას ახასიათებს. 
. რა პრინციპით მკურნალობენ ნევროზებს? ხანგრძლივია თერაპია?
– მკურნალობის ძირითადი მეთოდები ფსიქოთერაპია და მედიკამენტური თერაპია გახლავთ: ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესიული, ნეიროლეფსიური, საძილე საშუალებები და სხვა. თერაპია უმეტესად კომბინირებულია – ფსიქოთერაპია და მედიკამენტები ერთად გამოიყენება.
არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები – სახელმძღვანელო პრინციპების ერთობლიობა, რომელთა მიხედვითაც ინიშნება მკურნალობა, თუმცაღა ექიმმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს თითოეული პაციენტის ინდივიდუალობა. მკურნალობის ხანგრძლივობა კი ნევროზის ფორმაზეა დამოკიდებული.
გახსოვდეთ ერთი რამ: მკურნალობის დროს არასდიდებით არ შეიძლება ალკოჰოლის, ნარკოტიკული, კოდეინის შემცველი პრეპარატების მიღება. სასურველია, ადამიანმა ჯანსაღ წესს მისდიოს ცხოვრების: ხელი მოჰკიდოს სპორტს, დაიცვას ძილის ჰიგიენა და დღეღამური რიტმი, თავი ანებოს თამბაქოს, იკვებოს რაციონალურად და ა.შ.
მსურს, უთუოდ აღვნიშნო ერთი რამ:
სასურველი ეფექტის მისაღებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. აუტოტრენინგს, პაციენტის თვითმკურნალობას, თვითგაუმჯობესებას, მის განწყობას მკურნალობისადმი, თვითშეგნებას. ძალდატანებითი თერაპია ასეთ დროს, მერწმუნეთ, არავითარ შედეგს არ გამოიღებს.

 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად