ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ბავშვთა დაავადებები >>ჟურნალი "ავერსი" N60
გვემუქრება თუ არა გრიპის ეპიდემია


მოვემზადოთ გრიპის სეზონისთვის
 პირველმა შიშმა და საუკუნის წინანდელი “ისპანკას” აჩრდილმა თითქოსდა ისე გადაიარა, არც შეგვხებია, მაგრამ სიმშვიდე ნაადრევია – მედიცინის ექსპერტები ერთხმად წინასწარმეტყველებენ მეორე ტალღას. თუმცა ეს ჩვეული სენი პანდემიის გარეშეც არც ისე უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, ამიტომაც გრიპსაწინააღმდეგო თადარიგის დაჭერა აცივებამდეა საჭირო.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურისა და მასთან არსებული აცრის კაბინეტის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე:

– გრიპი როგორც პანდემიის დროს, ასევე მის გარეშე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სეზონური გრიპით ყოველწლიურად მოსახლეობის 5-15% ავადდება, 3-5 მილიონი შემთხვევა მძიმეა, ხოლო 300 000-500 000 სიკვდილით სრულდება. ასეთი გავრცელების გამო გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ექიმთან ვიზიტის, სამსახურისა და სასწავლო დაწესებულებების გაცდენის ყველაზე ხშირი მიზეზია, ამიტომ ისინი არა მარტო სამედიცინო, არამედ სერიოზულ სოციალურ პრობლემადაც მიიჩნევა.
– უმთავრესად როდის შეიძლება დამძიმდეს გრიპი?
– გრიპი განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ასევე – ხანდაზმულებისა და ბავშვებისთვის. სტატისტიკის თანახმად, სეზონური გრიპის დროს გარდაცვლილთა 62% 65 წელს არის გადაცილებული. სხვათა შორის, სადღეისოდ არსებული ინფორმაციით, წლევანდელი პანდემიისას რისკჯგუფები იგივეა, გარდა ერთი გამონაკლისისა – ხანდაზმულები 2009 წლის A(H1N1) ვირუსით შედარებით ნაკლებად ავადდებიან. ამერიკელმა მეცნიერებმა 60 წლამდე ასაკის პოპულაციას ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ფაქტობრივად ვერ აღმოუჩინეს, ამ ასაკს გადაცილებულთა მესამედს კი დამცავი ცილები აღმოაჩნდა. თუმცა რამდენად სრულყოფილია მათი იმუნიტეტი, მეცნიერებს ჯერ კიდევ დასადგენი აქვთ.
– რა განსხვავებაა სეზონურ და პანდემიურ გრიპებს შორის?
– გრიპის ცალკეული შემთხვევები და ეპიდემიები ჩვენში და ზომიერი კლიმატის სხვა ქვეყნებში ყოველ ზამთარს  და ადრე გაზაფხულზე იჩენს თავს, ტროპიკულ ქვეყნებში კი მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება. ეს ვირუსები გამუდმებით, თუმცა შედარებით ნაკლებად იცვლება, ამიტომაც მოსახლეობას შეზღუდული, ნაწილობრივი იმუნიტეტი გააჩნია. საზოგადოდაც, გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების მიმართ მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება, ამიტომ ამ ინფექციებით ხელმეორედ დაავადებისგან არავინ არის დაზღვეული.
სპეციალისტების გამოთვლით, გრიპის პანდემია ყოველ 30-40 წელიწადში ერთხელ იფეთქებს. ამ დროს მოცირკულირე ვირუსების გვერდით განსხვავებული გენოტიპი ჩნდება. ვინაიდან ახალი ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მოსახლეობას პრაქტიკულად არ გააჩნია, დაავადება ელვის სისწრაფით – სულ რამდენიმე თვეში – მთელ მსოფლიოს აავადებს. თუმცა, რა თქმა უნდა, სეზონური გრიპისგან არც პანდემიის დროს ვართ დაზღვეულები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მათ განსხვავებას სპეციალური კვლევა სჭირდება.
– როგორია გრიპის სიმპტომები?
– გრიპის ძირითადი კლინიკური ნიშნებია ზოგადი სისუსტე, მაღალი ცხელება (39 გრადუსი და მეტი), თავისა და თვალბუდეების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტეხვითი ტკივილი, ჩახეხვის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ხველა. დამახასიათებელია გართულებები გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების მხრივ.
– რა გზით შეიძლება ინფიცირება გრიპის დროს?
– გრიპის ვირუსი, ისევე როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლებელია ინფიცირება ავადმყოფის მიერ გამოყენებული, ლორწოთი დაბინძურებული პირადი ნივთების, თუნდაც პირსახოცის, ჭურჭლის გამოყენების გზითაც.
– როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?
– უწინარეს ყოვლისა, ერიდეთ ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით – იმ ადამიანებთან, რომელთაც სასუნთქი სისტემის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.
რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. ხშირად დაბანეთ ხელები პატარებს, განსაკუთრებით – ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ. შეგიძლიათ, საპნის ნაცვლად გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდები.
არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს – გამომწვევი ასეც შეიძლება გავრცელდეს.
ოჯახის ავადმყოფი წევრი შეძლებისამებრ იზოლირებულ გარემოში მოაქციეთ და დანარჩენი წევრები, განსაკუთრებით ბავშვები, მოარიდეთ.
ავადმყოფთან ერთ მეტრზე მეტად მიახლოებისას გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ნიღაბი. (შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ  ან ოთხპირი დოლბანდისგან თავად შეიკეროთ). ნიღაბი ხშირად იცვალეთ და ყოველი გამოცვლისას ხელების დაბანაც არ დაგავიწყდეთ. ჭურჭლის ცალკე რეცხვა საჭირო არ არის, ოღონდ საპნით ან სპეციალური ჟელეთი გარეცხვამდე ავადმყოფის ჭურჭელი სხვა ნივთებს არ უნდა შეეხოს. ავადმყოფს ასევე უნდა გამოუყოთ ცალკე პირსახოცი, მისი ოთახი ხშირად უნდა გაანიავოთ და სველი წესით დაალაგოთ.
სხვადასხვა დაავადებისგან, მათ შორის გრიპისგან დამცავ ანტისხეულებს უხვად შეიცავს დედის რძე, ამიტომ თუ დედა პატარას ძუძუს აწოვებს, უნდა გააგრძელოს, თუნდაც თავად დაავადდეს გრიპით. მთავარია, კვებისა და პატარასთან ახლო კონტაქტის დროს არ დაივიწყოს დამცავი ნიღბის გამოყენება.
ხალხური მედიცინა პროფილაქტიკის უამრავ საშუალებას გვთავაზობს, მაგალითად, ნივრისა და ხახვის, ლიმონის წვენისა და  თაფლის მიღებას. შუა აზიის ქვეყნებში პროფილაქტიკისთვის ბროწეულს სვამენ.
– როგორ მოვიქცეთ გრიპისმაგვარი სიმპტომების შემჩნევისას?
– უპირველეს ყოვლისა, იმაზე იზრუნეთ, რომ დაავადება სხვებსაც არ გადასდოთ. ხველების და ცემინების დროს სახეზე ცხვირსახოცი მიიფარეთ, უმჯობესია, ქაღალდისა, გამოყენების შემდეგ კი გადააგდეთ და ხელები მაშინვე დაიბანეთ.
გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში ან ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატების გარეშე) სულ მცირე 24 საათის განმავლობაში შინ დარჩით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი გჭირდებათ). ეს სხვებს დაავადებისგან დაიცავს და ვირუსის გავრცელებას შეზღუდავს.
წოლითი რეჟიმის დაცვა მანამდეა საჭირო, ვიდრე სიცხე ნორმალურ მაჩვენებლებამდე არ დაიწევს. სიცხის დამწევი პრეპარატები მხოლოდ მაშინ მიიღეთ, თუ სიცხემ 38.5ºC-ს გადააჭარბა. შეგიძლიათ გამოიყენოთ პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი... ამ უკანასკნელს ნუ მისცემთ ბავშვებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ განვითარდეს ძალიან იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულება – რეის სინდრომი, რომელიც ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით ვლინდება. სიცხის დამწევი, ცხვირიდან გამონადენის შემამცირებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვთ გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგალითად, ეფექტ-ფლუს). ისინი საგრძნობლად ამსუბუქებენ სიმპტომებს, თუმცა დაავადების ხანგრძლივობას არ ამცირებენ.
მიიღეთ ბევრი სითხე, მათ შორის – თაფლიანი რძე ანდა ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ქათმის ბულიონი, თუნდაც უბრალო წყალი, ოღონდ დღეში ორ ლიტრამდე. ორგანიზმისთვის ვირუსების მოცილებასთან ერთად ეს ცხვირისა და ყელის ლორწოვანს გამოშრობისგანაც დაიცავს და ლორწოს მოშორებასაც გააადვილებს. გაითვალისწინეთ, რომ კოფეინი და ალკოჰოლი, პირიქით, დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ ყავა, კოკა-კოლა, სპირტიანი სასმელები არ გამოგადგებათ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო, თუ შეამჩნიეთ:
- სუნთქვის გახშირება ან გაძნელება;
- ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში;
- უეცარი თავბრუხვევა;
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- მძიმე ან შეუკავებელი პირღებინება;
- ასევე მაშინ, თუ გრიპისმაგვარი სიმპტომების შესუსტების შემდეგ სიცხემ კვლავ აიწია და ხველა გაუარესდა.
ბავშვის, განსაკუთრებით – მცირეწლოვანის, დაავადებისას ექიმთან ვიზიტის გადადება არ ღირს, რადგან თვითმკურნალობის ფონზე შესაძლოა გართულება გამოგეპაროთ. ყურადღება გაამახვილეთ საშიშროების ზოგად ნიშნებზე, რომლებიც ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის აუცილებლობაზე მიუთითებს და სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა უმძიმესი შედეგით დასრულდეს. ეს ნიშნებია:
- ღებინება ყოველი კვების ან სითხის მიღების შემდეგ;
- საკვებისა და სითხის მიღებაზე უარის თქმა;
- კრუნჩხვა;
- გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა;
ასევე მაშინ, როდესაც ბავშვი ძნელად იღვიძებს ან კონტაქტში არ შემოდის.
სუნთქვის დათვლის ტექნიკა ყველა ადრეული ასაკის ბავშვის დედამ უნდა იცოდეს. ითვალეთ სუნთქვა ერთი წუთის განმავლობაში ბავშვის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნისას. ერთი სუნთქვითი მოძრაობა მოიცავს ერთ ჩასუნთქვასა და ერთ ამოსუნთქვას.
სუნთქვის სიხშირის ქვემოთ მოყვანილი მაჩვენებლები სასუნთქი სისტემის მძიმე პათოლოგიაზე, მათ შორის ფილტვების ანთებაზე მიუთითებს:
. 2 თვემდე ასაკში პატარას სუნთქვა არ უნდა იყოს 60 და მეტი;
. 2 თვიდან 1 წლამდე ასაკში – 50 და მეტი;
. 1-დან 5 წლამდე ასაკში – 40 და მეტი;
. 5 წლის შემდეგ – 30 და მეტი.

– ექიმის დანიშნულების გარეშე ბავშვისთვის რომელი პრეპარატების მიცემას არ ურჩევდით მოსახლეობას?
– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკებისა. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს პრეპარატები ვირუსებზე არავითარ გავლენას არ ახდენს და არც გართულების ალბათობას ამცირებს. მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულების დროს არის ნაჩვენები, ხოლო დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.
იმავეს ვიტყოდი ანტივირუსულ პრეპარატებზე. ნეირამინიდაზის ინჰიბიტორები – ტამიფლუ, რელენზა – გრიპის მძიმე ფორმების დროს სიმპტომებს საგრძნობლად ამსუბუქებს და გართულების ალბათობას ამცირებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ამ პრეპარატის დანიშვნა კლინიცისტმა პაციენტის ინდივიდუალური რისკის შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს.
– რა ადგილი უკავია ვაქცინაციას გრიპის პროფილაქტიკაში?
– გრიპის პროფილაქტიკის ძირითადი გზა ვაქცინაციაა. ცნობილია, რომ ის 3-4-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ხანდაზმულთა სახლებში გრიპის ვაქცინაცია 50-60%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და 80%-ით – გრიპთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაავადების რისკს 66%-ით აქვეითებს.
გრიპის ვაქცინაციის პრინციპი ემყარება ზოგადად ვაქცინაციის პრინციპს – ორგანიზმში შეგვყავს ვირუსის დასუსტებული ფორმა, რომელიც დაავადებას არ იწვევს, მაგრამ ბიძგს აძლევს ანტისხეულების გამომუშავებას გრიპის წინააღმდეგ. შედეგად ყალიბდება დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტი. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. თანამედროვე ვაქცინები მაქსიმალურად გაწმენდილი, უსაფრთხო და ეფექტურია.
– სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ღორის გრიპისგანაც დაგვიცავს?
– სამწუხაროდ, ვერა. როგორც უკვე გითხარით, სეზონური ვირუსები პანდემიის პერიოდშიც იწვევენ დაავადებას, ამიტომაც საუკეთესო ვარიანტი ორივე აცრის ჩატარება იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ვაქცინის წარმოებას თავისი სავალდებულო ეტაპები აქვს და საუკეთესო შემთხვევაში 5-6 თვე სჭირდება. ამიტომ პანდემიური A(H1N1) ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის გამოშვება მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მოხერხდა. ჯერჯერობით ამ ვაქცინებს ჯანმო მხოლოდ სამთავრობო დონეებზე ანაწილებს და კომერციულად ხელმისაწვდომი უახლოესი ერთი-ორი თვის მანძილზე არ იქნება, ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრას გვირჩევს, პანდემიური ვირუსის საწინააღმდეგო აცრის გადადება კი რამდენიმე ხნით მოგვიწევს.
– რამდენად შეესაბამება სეზონური გრიპის ვაქცინაში შემავალი ქვეტიპები ჩვენში გავრცელებულ გრიპის ვირუსებს?
– სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს. მთელი წლის მანძილზე მისი ექსპერტები აგროვებენ და ამუშავებენ მასალას გრიპის გამომწვევი ვირუსების შესახებ. ყოველწლიურად პროგნოზირებული შტამების ჩამონათვალი როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროსთვის ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებს გადაეცემა. ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება.
– როდის ჯობს გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება?
– რა თქმა უნდა, გრიპის სეზონის დაწყებამდე. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება. ამ ხნის მანძილზე ვაქცინირებულ ადამიანს ვირუსთან კონტაქტის დროს დასნებოვნების შანსი მაინც აქვს, ვინაიდან იმუნიტეტი ბოლომდე ფორმირებული არ არის. ამიტომ აცრას შემოდგომაზე, ოქტომბერშივე გირჩევთ. გრიპის სეზონზე ჩატარებული აცრის ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია, თუმცა რაკი დაავადების შემთხვევები გაზაფხულზეც გვხდება, ზოგიერთი ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრები აცრების სეზონის ბოლომდე გაგრძელებას უჭერენ მხარს.
– რა შემთხვევაშია სასურველი გრიპის აცრა?
– პირველ რიგში ის ადამიანები უნდა აიცრან, რომელთაც გართულებათა მაღალი რისკი აქვთ. ესენი არიან სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის – ბრონქული ასთმით, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით  დაავადებულები. აცრა აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით – აივ-ინფექციის, სისხლის ავთვისებიანი დაავადების, დიდი დოზებით კორტიკოსტეროიდების გამოყენების გამო – იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვს. დაავადებისა და გართულებათა განვითარების ალბათობა მაღალი აქვთ ხანდაზმულ ადამიანებს და მცირეწლოვან, განსაკუთრებით – 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გრიპით ავადობის სიხშირე მაღალია ბავშვთა კოლექტივებში (ბაღებში, სკოლებში), ამიტომ ავადობისა და გართულებათა თავიდან ასაცილებლად ამ კონტინგენტის აცრაც სასურველია.
ექვს თვემდე ასაკის ბავშვები გრიპის საწინააღმდეგოდ არ იცრებიან. ამისი მიზეზი, ერთი მხრივ, მუცლადყოფნის პერიოდში დედისგან მიღებული იმუნიტეტია, მეორე მხრივ, მათ უმწიფარი იმუნური სისტემა აქვთ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ვაქცინაზე სრულყოფილ იმუნურ პასუხს.
– რამდენ ხანში ერთხელ არის სასურველი გრიპის აცრა?
– ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად